
გურჯაანის გამგეობის შენობიდან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გასახლების შემდეგ „კახეთის საინფორმაციო ცენტრს" დედოფლისწყაროს გამგეობის შენობის მაგალითი მოჰყავს, სადაც გუბერნატორის დედას ფასიანი სასწავლო კურსები აქვს გახსნილი.
„მაშინ როცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის (საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის) ბიუროს ასახლებენ, იმავე რეგიონის "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე, ორ ოთახში (დაახლოებით 40 კვმ) განთავსებულია შპს „ლაშარი“.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ ორგანიზაციის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მარინე ღვინიაშვილია. იგი ირაკლი შიოლაშვილის დედაა.
გუბერნატორის დედას გამგეობის შენობაში საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის შემსწავლელი ფასიანი კურსები აქვს გახსნილი. ამავე დროს, შპს „ლაშარი“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს:
წლიური დეკლარაციების შევსება, დამუშავება და სხვა საგადასახადო საქმიანობა. დამკვეთებს აუდიტორულ მომსახურებას გუბერნატორის მამა გენადი შიოლაშვილი უწევს. მას საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავს." - წერს ick.ge.