2009 წლის მაისში მუხროვანის ბაზაზე მომხდარი ამბოხების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა გაასაჯაროვა.
„პოზიციაში“ ჩართვის დროს უტიაშვილმა დაწვრილებით გაიხსენა ამბოხების დეტალები და განაცხადა, რომ პროცესს შსს–ს კამერა იღებდა, რაც საიდუმლო სულაც არ იყო და მთლიანი ჩანაწერი შსს–ს არქივში ინახება.
უტიაშვილი ამბობს, რომ სახეზე იყო ამბოხება. ამბოხების მონაწილეებისთვის განმასხვავებელი თეთრი სამკლაურიც იყო დამზადებული წარწერით: „უფალო, შეგვიწყალენ“. ჯარისკაცების ნაწილმა ამბოხებაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ იარაღის დაყრის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ბაზა დაიბომბებოდა:
„მოვყვები, რა მოხდა იმ დღეს: 2009 წლის 5 მაისს დილის 04:00 საათზე ორთაჭალაში განლაგებულ სამხედრო ნაწილში განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ სამინისტრო ინფორმირებული არ იყო, ამიტომ, ვითარების გასარკვევად იქ სამხედრო პოლიცია წავიდა. აღმოჩნდა, რომ ჯარის ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი, მეთაური ადგილზე არ აღმოჩნდა, ამის შემდეგ ჯარისკაცები უკან, ყაზარმაში დააბრუნეს და ყველა სამხედრო ნაწილში დაიწყო გადამოწმება.
ეს იყო სტანდარტული პროცედურა. გარდა მუხროვანის ნაწილისა, ყველა ნაწილმა ადგილზე სიმშვიდე დაადასტურა, ხოლო მუხროვანის მორიგე სამხედრო თანამშრომელი არ გამოცხადდა. დაახლოებით დილის 04:30 სთ-ზე მუხროვანში სამინისტროს სხვა თანამშრომელი წავიდა, (თუ არ ვცდები კერესელიძე), რათა გადაემოწმებინა, თუ რა ხდებოდა ადგილზე.
იქ მისვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და ამის შესახებ ხელმძღვანელობას შეატყობინა. ამასობაში ეს ადამიანი ოთახში შეიყვანეს და იქ ჩაკეტეს, სადაც მან ხელ–ფეხშეკრული მორიგე დაინახა. ამის შემდეგ მუხროვანში სახმელეთო ძალების მეთაური თელია მიდის, რომელსაც ეუბნებიან, რომ ნაწილში ამბოხია და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.
ნაწილში შესვლა გენშტაბის უფროსმა ჩაჩიბაიამ და მინისტრმა სიხარულიძემ სცადეს, ორივეს გზა გადაუღობეს ნიღბიანმა პირებმა, რომელთაც განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდათ თეთრი სამკლაური წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასეთი დამზადებული იყო ათასი ცალი და ამბოხის მონაწილე ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი.
ცხადია, ამასობაში სახელმწიფო ამ ნაწილის გარშემორტყმისთვის ემზადება, მაშინ კი ადგილზე იმყოფებოდნენ კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე, რომელიც იყო რეინჯერის ბატალიონის უფროსი, ეს სამი ადამიანი ეუბნებოდა სამხედროებს, რომ საქართველოს ყველა ნაწილმა ამბოხება გამოაცხადა, არ ემორჩილებიან სამინისტროს და ჯარისკაცები უნდა დაემორჩილონ მათ.
მუხროვანს გარშემო ალყა შემოარტყეს, ხელისუფლებამ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა, მათ მისცეს ვადა იარაღის ჩასაბარებლად, წინააღმდეგობის შემთხვევაში ბაზა დაიბომბებოდა. ჯარისკაცების უმეტესობამ დანებება არჩია.
ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოპერატიული დანაყოფის კამერა, მის მიერ გადაღებული კადრები არის სამინისტროს კუთვნილება და ეტყობა გადაწყვიტეს, რომ მისი გასაჯაროების დრო დადგა. ის, რომ იქ კამერა იღებდა, ეს საიდუმლო არ არის და წესით იგი სამინისტროში უნდა იყოს დაცული",– აცხადებს შოთა უტიაშვილი.