
გალის რაიონის სოფლებში რუსმა ოკუპანტებმა დამატებითი სამხედრო კონტინგენტი მძიმე ტექნიკისა და კინოლოგთა ჯგუფის თანხლებით შეიყვანეს.
რუსი სამხედროები, რომელთა შორის ე.წ. „კონტარქტნიკებთან“ ერთად არიან ახალწვეულებიც, ძირითადად, მდინარე ენგურის ზოლის გასწვრივ განთავსდნენ.
ეს ინფორმაცია „სმო.ჯი“–ს დაუდასტურა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ:
„შემოვიდნენ გალის რაიონის სასაზღვრო სოფლებში, მათ შორის ფიჩორში, ნაბაკევში, ოტობაიასა და თაგილონში. ე.წ საზღვრის მთლიან პერიმეტრს აკონტროლებენ რუსები ძაღლებთან ერთად. ყველა არაოფიციალური გადასასვლელი ამ დროისთვის ჩაკეტილია, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ.”-აცხადებს ოთარ გოგოხია.