
ევრომაიდნიდან გატაცებული დიმიტრი ბულატოვი თვლის, რომ მისი გატაცებისა და წამების ორგანიზატორები რუსეთის სპეცდანაყოფების წევრები არიან.
ამის შესახებ ბულატოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს ხალხი მხოლოდ რუსულად საუბრობდა. გატაცებულებზე მესამე პირში ლაპარაკობდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი რუსეთის სპეცდანაყოფების წევრები იყვნენ.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ მაწამებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალები იყვნენ. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩემი პირადი აზრია“, - განაცხადა ბულატოვმა.
უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ ფოტომასალას, სადაც ასახულია დიმიტრი ბულატოვი წამების შედეგად მიყენებული ჭრილობების დამუშავებისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ.