
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალის წინააღმდეგ გაათმაგებულად ბრძოლისკენ მოუწოდა.
"მე მივმართავ ყველა პოლიციელს: იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ, პირველ რიგში, თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს. ორი-სამი ნაბიჯით წინ. და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერცერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი... წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია".
ამ თემაზე (პოლიციელის მხრიდან იარაღის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში) საჯაროდ გაკეთებული რამდენიმე განცხადების გამო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდნენ ზოგიერთი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც პრემიერმინისტრის ეს განცხადება არ გაუპროტესტებიათ. ასე მაგალითად, 2004 წელს, როცა საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა (იმ დროს ინაუგურაცია ჯერ არ იყო ჩატარებული) ციხეებში შეიარაღებული ბუნტის შესაძლო მოწყობის შესახებ საუბრობდა, განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ძალა და ადგილზე გაანადგურონ კრიმინალები, რაც მოგვიანებით, მის წინააღმდეგვე გამოიყენეს ზემოთხსენებულმა პირებმა:
„მე მინდა ვუთხრა კრიმინალური ავტორიტეტების ყველა დამცველს: ისინი მიიღებენ ძალიან უხეშ დარტყმას კბილებში. ზოგიერთი მოკრიმინალო ჯგუფი აპირებს საქართველოს ციხეებში ბუნტის მოწყობას. ეს მინდა კარგად მოისმინონ ციხეში და ციხის გარეთ დაბუდებულმა კრიმინალებმა:
მე, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მომავალმა პრეზიდენტმა, ვურჩიე იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომ ციხეში შეიარაღებული ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გამოიყენონ ძალა და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება“, - განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო 2006 წელს, როცა იმდროინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს, მან უპასუხა:
"დიახ, ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი. რა თქმა უნდა, პოლიციელმა უნდა დაიცვას კანონი...".