
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე კომენტარს აკეთებს „ფეისბუქზე“ დღეს გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ის ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთანაა გადაღებული.
„აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ფოტო სულაც არაა საიდუმლო და თავის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული:
„როცა მივალ „ფეისბუქთან“, იმ ფოტოს ისევ დავდებ, ეს არანაირი საიდუმლო არაა. შალვა აბულაძე ჩემი რესპოდენტი იყო. ძალიან განათლებული ადამიანია და მისი განათლების მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ახლა ამბობენ, რომ ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან კავშირშია, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მე ასე ვიცი, რომ ბორჯომში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ის გასული იყო ქვეყნიდან. ბორჯომში კი რა მოხდა - ვინ ვის ესროლა, ვისი დავალებით და რატომ იყვნენ იქ პოლიციელები მისული, არავინ იცის“, - ამბობს დიტო ჩუბინიძე.
მისი თქმით, შალვა აბულაძე მასთან მივიდა, როგორც რესპოდენტი და მამუკა ხაზარაძეს დევნაში ადანაშაულებდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ხაზარაძის მხრიდან აბულაძეზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წლის ოქტომბერში შალვა აბულაძემ ბორჯომში თეატრალიზებული წარმოდგენა მოაწყო და მამუკა ხაზარაძის კუბო დადგა:
„რადგან ჩვენ გვქონდა სასამართლო დავა მამუკა ხაზარაძესთან, ბუნებრივია, ამ ქაციამ დაგვაინტერესა და ჩავედით. ამის ვიდეოც არსებობს და ფოტოც მაშინდელია. მაშინ შალვა აბულაძემ პირდაპირ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, მის დევნას შეშვებოდა და კრიმინალურ წარსულში არ დაებრუნებინა.
ფაქტია, რომ ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა: ვიღაცეებისგან წაქეზებული პირები, პოლიციელები მის სახლთან აწყობდნენ აქციებს, ოჯახის წევრები აუმხედრეს, დაეძაბა ურთიერთობა და ბოლოს ის საშინელება მოხდა ბორჯომში, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან საერთოდ წავიდა.
ეს არის და ეს. მე ვერაფერს ვიტყვი და ვერ დავიფიცებ, სანთელი არ მჭერია ხელში, მაგრამ ბორჯომში რა მოხდა და ვინ ვის ესროლა, არავინ იცის“, - თქვა ჩუბინიძემ „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.
დიტო ჩუბინიძემ კომენტარი „ფეისბუქზე“ „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებულ მასალაზეც გააკეთა (იხ. ვიდეო მასალის ბოლოს, ვიდეოს ფანჯარაში), სადაც „ობიექტივის“ ეთერში ჩართვის დროს ჟურნალისტი ამბობს, რომ შალვა აბულაძის წინააღმდეგ ბორჯომში სპეცოპერაცია იგეგმება:
„დიახ, ეს ჩემი სიტყვები იყო, რომელიც რესპოდენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე იყო დაყრდნობილი და გავახმოვანე“, - თქვა დიტო ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, შალვა აბულაძე ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და იძებნება. 2014 წლის 14 იანვარს, გამოძიების მასალების მიხედვით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა პირი, რომელმაც ბორჯომსა და თბილისში, ვარკეთილში პოლიციელების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, ერთი და იგივე პირი იყოს.
შს მინისტრის თქმით, წუხელ მომხდარი დანაშაულის სცენარი, როდესაც შემოწმების მიზეზით შეჩერებულმა უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი - ბექა მარგიშვილი მოგვიანებით გარდაიცვალა, ძალიან ჰგავს ბორჯომში მომხდარ შემთხვევას და ეს ერთი და იგივე ხელწერაა. შესაბამისად, პოლიცია მუშაობს იმ ვერსიაზე, რომ დამნაშავე ამ შემთხვევაშიც შალვა აბულაძეა.
შალვა აბულაძე, მეტსახელად "შალალო" წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი, ბოლოს ის მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად მას სასჯელის ვადა შეუმცირდა, შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე, პატიმრობის 7 წლის თავზე გათავისუფლდა.