
კასპის რაიონის სოფელ წინარეხის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სოფელში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის მავნეა: "დაიწამლა ხალხი, ჩამოვდივართ აქა, ვდგავართ ქუჩაში, თქვენ კიდე იცინით და არაფერს აკეთებთ", -
ამ პრეტენზიით წინარეხელები დღეს საკრებულოში მივიდნენ. სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს ცატარდა, თუმცა, ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ონკანებში მდინარის ამღვრეული წყალი მოედინება, სინჯის აღება კი ჭიანურდება.
ამასობაში კი სოფლის მოსახლეობას მუცლის ტკივილები აწუხებს: "ესენი კარგად არიან, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს მაგის საშუალება, ჩვენს ბავშვებს გამოხდილი წყალი ვუყიდოთ და ვასვათ, ამიტომ მოგვხედონ", - ამბობენ წინარეხელები, რომელთა პრობლემებზე სიუჟეტი ტვ "თრიალეთმა" მოამზადა.
სოფლის მცხოვრებლებმა დღეს საკრებულოს წევრებს ამღვრეული წყალი ბოთლით მიუტანეს: "აი, ეს წყალია, ახლა ყველა დაისხამთ ამასა და დალევთ!" - ამ სიტყვებით წინარეხელმა ქალმა წყლით სავსე ბოთლი საკრებულოს წევრებს მაგიდაზე დაუდო, თუმცა, დეპუტატებს ის არ დაულევიათ.