
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვა პირდაპირ ეთერში გაწყვიტა. გადაცემის წამყვანმა ამის მიზეზად „მაუწყებლის შესახებ“ კანონში მიღებული და დღეიდან ამოქმედებული ცვლილებები დაასახელა.
,,ჩვენ იძულებული ვართ გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა პირდაპირ ეთერში, რადგან ამას მოითხოვს დღეს ამოქმედებული კანონი მაუწყებლობის შესახებ“- განაცხადა კურიერის წამყვანმა, რის შემდეგაც ტრანსლაცია შეწყდა.
რას ითვალისწინებს ახალი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში და რატომ გახდა აუცილებელი პრემიერმინისტრის გამოსვლის გაწყვეტა?
ეს ფაქტორი „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა დაინტერესებული ინტერნეტმომხმარებლისთვის მათთვის გასაგებ ენაზე, ერთერთ კომენტარში ახსნა:
დღეიდან ამოქმედებული ცვლილებები რეკლამას ითვალისწინებს საათში 12 წუთის განმავლობაში. ცნება „ერთი საათი“ ასტრონომიულ ერთ საათს ნიშნავს, მაგრამ მცოცავია -ანუ ახალი რეგურილირების თანახმად, ყველა შემდგომი ათვლა ხდება წინა 60 წუთის განმავლობაში, რეკლამის დამთავრებიდან.
ანუ - მარტივად - უნდა გაიჭრას ზუსტად მაშინ, როდესაც ეს შენი პროგრამების განყოფილებას აქვს დათვლილი. 20-30 წამიანი ცდომილებაც ჯარიმაა -თუ არ ვცდები 20 ათას დოლარიანი.
გამონაკლისებია ”უმაღლესი სახელმწიფო პირის ოფიციალური მიმართვა” - რაც არ არის ნიუსის რეჟიმი (მაგალითად გუშინ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა (რომლის ტრანსლირების ვალდებულება არ მაქვს, სხვათაშორის, ისევე, როგორც არც დღევანდელი ჩართვის), შუაში რეკლამებით ვერ გაიტიხრებოდა.
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, დღეს რომ არ გაჭრილიყო პრემიერის ეთერი?
1.კომუნიკაციების მარეგულირებელი დააჯარიმებდა მაუწყებელს. 2. დროში აცდებოდა ყველა მომდევნო სარეკლამო ჭრა - და მაგალითად, „კურიერი 6 საათზე“ შესაძლოა, 6-ზე ვეღარ დაწყებულიყო, რადგან იქ რეკლამა მოუწევდა, ან კიდევ საღამოს ეთერში რომელიმე ჩაწერილი რეიტინგული პროექტი (რომელიც წინასწარაა დამონტაჟებული) შუა სიტყვაზე უნდა გაწყვეტილიყო.
ამიტომ მკაცრად შეიზღუდა პროგრამირებით გათვალისწინებული დროები, შესაბამისად, „კურიერის“ ქრონომეტრაჟებიც, - განმარტავს გიორგი ლაფერაშვილი.
"კურიერის" მსვლელობისას, ასევე "მაესტროს" მიერ პრემიერის გამოსვლის შეწყვეტას მოჰყვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება:
"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს, პირველ აპრილს საინფორმაციო გამოშვება „კურიერი სამ საათზე“ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართავა საზოგადოებისადმი რეკლამით შეწყვიტა. პროგრამის წამყვანმა განაცხადა: „ტელეკომპანია იძულებულია გავიდეს სარეკლამო ჭრაზე, ვინაიდან ამას დღეს ამოქმედებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, რომელიც მართლაც დღეს შევიდა ძალაში, ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ტელეკომპანია ადგენს სამაუწყებლო ბადეს, ასევე, თავად განსაზღვრავს გაუშვას თუ არა პირდაპირ ეთერში მაღალი თანამდებობის პირების მიმართვა.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის დეკემბერში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დღიდან, 63-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება შემდეგი პირდაპირი ტრანსლირების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა: ოფიციალური სახელმწიფო ღონიძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა და სხვა ...
რამდენად შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ტელეკომპანიების „რუსთვაი 2“-ის და „მაესტრო“ მიერ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საზოგადოებისადმი მიმართავის რეკლამით შეწყვეტა კომისია სწავლობს და დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება."