
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციის დეტალებს გაუსვა ხაზი. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დღევანდელი მთავრობა უუნარობით გამოირჩევა.
„უუნაროთა თავდაჯერებულება კი ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევს“, – განაცხადა მან გამოსვლის ბოლოს.
„გუშინ ვიხილეთ ფაქტობრივი პრემიერმინისტრის პრესკონფერენცია, სადაც მან განაცხადა, რომ თურმე ყველა დაპირება შესრულებულია. თურმე ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ქართველ პენსიონერებს 220 ლარიანი პენსია აქვთ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ გაზის გადასახადი გაიაფებულია, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ 100-ზე მეტი ქარხანა აშენდა, რომელიც ვებგვერდზე ჩანს, მაგრამ რეალურად დასაქმებულ ხალხს ვერ ვხედავთ...
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ სად არის ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უუნარო მთავრობა.
მართლაც უუნაროა მთავრობა, როდესაც საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე და ვერცერთი გამოძიება ვერ მიიყვანა ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა საქმე მხოლოდ ჭორაობის საგანია, აბსოლუტურად უუნაროა მთავრობა, როდესაც ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საუბრობენ, რომ მყისიერად გამოიძიებენ, პირად კონტროლზე აიყვანენ, მაგრამ რეალურად არავითარი წინსვლა არ არის, უუნაროა მთავრობა, როდესაც სპეკულირებს ჟვანიას საქმით და არავითარი რეალური ფაქტი არ დევს.
რაც შეეხება მთავრობის და მინისტრების საქმიანობას, დავით ნარმანია აბსოლუტურად უუნაროა, როდესაც ერთი წლის მანძილზე 700 მეტრი გზის დაგება ძლივს მოახერხა დასავლეთ-აღმოსავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე.
უუნაროა მთავრობა, როდესაც ორ თვეზე მეტია იუსტიციის სახლს აქვს მცირე ხარვეზი და ამას პრინციპულად არ აკეთებს თეა წულუკიანი.
უუნაროა მთავრობა, როდესაც ვერ ხედავს, რომ ეკონომიკაში არის პრობლემა, ანდა ხედავს, რომ არის პრობლემა, მაგრამ გამოსასწორებლად ვერაფერს ვერ აკეთებს.
ჩვენ ვხედავთ დღევანდელი მთავრობის აბსოლუტურ უუნარობას, უუნაროთა თავდაჯარებულობა დიდ პრობლემამდე მიგვიყვანს.
უუნაროთა თავდაჯერებულობა ამ ქვეყანას მთლიანად ჩამოშლის, ამიტომ სჯობს მალე მოეგოთ გონს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.