
პრაღის მერიამ უარი თქვა, მიიღოს მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტის ჩეხეთში ვიზიტის საორგანიზაციო ღონისძიებებში.
ამ გადაწყვეტილების შესახებ პრაღის მერიამ 4 თებერვალს გამოაცხადა. ტომაშ გუდეჩეკმა – პრაღის მერმა განაცხადა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, პრაღამ მიიღოს მონაწილეობა იანუკოვიჩის ვიზიტის მოსამზადებელ ღონისძიებებში. ის უფრო შორს წავიდა და თქვა: „აბსურდულია, რომ იანუკოვიჩი უნდა დაეშვას აეროპორტში, რომელიც ვაცლავ ჰაველის სახელს ატარებს“.
მისი თქმით, იანუკოვიჩის ვიზიტისთვის პრაღის მერია არ დაგეგმავს ღონისძიებებს. უკრაინის პრეზიდენტს არც ტრადიციის მიხედვით მოექცევიან და რატუშაში არ მიიწვევენ.
ამასთან, ბერლინში, გერმანიაში უკრაინის საელჩოს გვერდით, უკრაინელმა ემიგრანტებმა „ალტერნატიული საელჩო“ გახსნეს, სადაც მსურველებს უყვებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, აგროვებენ შემოწირულობებს ევრომაიდნელებისა და დაშავებული უკრაინელებისთვის.