
აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა საბჭოს შენობაში რუსული პასპორტების გაცემის პროცესი დაიწყო. მორატორიუმი, რომელიც გამოცხადებული იყო რუსეთის პასპორტის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად, 1 თებერვალს დასრულდა.
განცხადებაში მითითებულ მისამართზე, აღნიშნულ ოთახთან, დილიდან დგანან აფხაზეთის სხავადსხვა რაიონიდან ჩასული მოქალაქეები. დერეფანი სავსეა ხალხით და, როგორც ჟურნალისტები წერენ, იქ ნემსიც არ ჩავარდება.
რუსული პასპორტი აფხაზეთში დღეს ერთადერთი დოკუმენტია, რომლის მფლობელ პენსიონერს რუსული პენსია ენიშნება. მოსახლეობა მოითხოვს, რუსული პასპორტისთვის საჭირო დოკუმენტების გამცემი პუნქტები სოხუმის გარდა, სხვა ქალაქებშიც გაიხსნას.
აფხაზური მედიის ცნობით, ზვანბას ქუჩა 9–ში მდებარე დოკუმენტების გამცემ პუნქტთან დღეს იმდენად დიდი რიგი და ჭყლეტა იყო, რომ სასწრაფოს გამოძახება არაერთხელ გახდა საჭირო, რადგან რამდენიმე ქალმა რიგში გონება დაკარგა, რამდენიმე კი ჰაერის უკმარისობის გამო შეუძლოდ გახდა.