
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია თავიდანვე განწირულია და ეს განპირობებულია თავად ბიძინა ივანიშვილის ღირებულებებიდან გამომდინარე.
„მსურს გამოვთქვა დიდი სიხარული იმის გამო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საჯარო სივრცეში, იმიტომ, რომ პირველ რიგში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, იყო ის, რომ იმ უძველეს მეთოდს, რაც არის „პური და სანახაობა“, პური ჩაეხსნა. ანუ, ეკონომიკის ნაწილში ისე იყო საქმე, რომ მხოლოდ სანახაობა დაგვრჩა.
სანახაობას უზრუნველყოფდა, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილი თავისი გამოსვლებით, შეხვედრებით ექსპერტებთან, პრესკონფერენციებით და საკმაოდ წარმატებულადაც, სხვათა შორის.
ამ მხრივ დიდი მოწყენილობა იყო მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გაამართლა. მე დღევანდელ პრესკონფერენციას იმ კუთხით ვუსმენდი, თუ რა უნდა იყოს მისი არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი, თუმცა, ბევრი ამ მხრივ არ თქმულა.
რამდენად იქნება მისი კვლევები სანდო? მე ერთ საფუძვლისეულ საკითხთან დავბრუნდებოდი, რომელიც ამ ადამიანის ღირებულებებია. მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე თქვა, რომ მისთვის სამაგალითო პრესა არის „ასავალ-დასავალი“, მას რამდენიმეჯერ ჰქონდა საშუალება, რომ ეს დაეზუსტებინა, მაგრამ ეს საშუალება არ გამოუყენებია არასდროს.
დღეს ის ამბობდა, რომ მისი კვლევების მიზანი იქნება, მიგვაგნებინოს ყვითელი პრესისათვის და, ამავდროულად, აკრიტიკებს „რუსთავი 2“-ს: აპრიორი, ეს პროექტი არის განწირული.
წარმოუდგენელია, რომ ამ ღირებულებების მატარებელმა ადამიანმა ასეთი პროექტი განახორციელოს ისე, რომ ის იყოს სანდო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.