
ბათუმი თაუერის შესყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდა და შესაბამისად, "კომერსანტის" ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შენობას "რედკო" ყიდულობდა, დადასტურდა.
კერძოდ, იურიდიულად ბათუმი თაუერის შენობა შპს „ბათუმი თაუერია", რომლის 100%-აც ფლობს ბელიზში დაფუძნებული CELWOOD INVESTMENT LIMITED-ი. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა, აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო და ფასიც შესაბამისად, ერთი ბიჯით $4626-ით გაიზარდა და $25 მილიონ 4626 შეადგინა. „ბათუმი თაუერი" რეესტრში 2014 წლის 28 ნოემბერს დარეგისტრირდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 4504 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი" და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი.
აუქციონის პირობებით, მყიდველმა კომპანიამ აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში $8 მილიონი უნდა გადაიხადოს, 6 თვის ვადაში ჯამში გადახდილმა თანხმა $15 მილიონი უნდა შეადგინოს, 12 თვის ვადაში გადახდილმა თანხამ $20 მილიონი, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიხადოს.
„რედკომ" ასევე საპრივატიზებო ქონების ბაზაზე სასტუმრო კომპლექსის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში უნდა უზრუნველყოს $15 მილიონის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში.
კომპანიამ არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი და არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა შექმნას. ვალდებულებების შესრულებამდე კი კომპანია უფლებამოსილია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე შექმნას მხოლოდ აპარტჰოტელი (სასტუმროს ნომრების, ბინისა ან სხვა სარგებლობაში გადაცემის მიზნით შექმნილი არასაცხოვრებელი ფართობის ერთობლიობა, რომლის ზედამხედვლობას/მართვას განახორციელებს ერთი პირი).
საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 %-ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის 30 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.