
კახა კუკავა „არჩევანში“ აცხადებს, რომ ისეთი პირის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ევროპული დეფინიციით ოლიგარქიულია და მხოლოდ უზბეკური დეფინიციით შეიძლება ჩაითვალოს არასამთავრობოდ.
კახა კუკავა აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა ორგანიზაციას დააფუძნებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირია, ეჭვს არ იწვევს.
კახა კუკავა აცხადებს, რომ ქვეყნის პირველი პირი, რეალურ მოცემულობაში არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მისი კონსელეიროს როლს ასრულებს ირაკლი ღარიბაშვილი:
„ამასთან, გავლენით მესამე ამ ქვეყანაში არის სუს–ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) უფროსი. მოგეხსენებათ, სუს არის კუდ–ისა და სოდ–ის გაერთიანების შედეგად შექმნილი სტრუქტურა, სადაც მიიღება ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებები.
თუ ვინმე თავს მოიტყუებს და იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ქვეყნის რეალური მმართველი და პირველი პირი, ეს მისი ნებაა, მაგრამ ევროპული დეფინიციით ასეთ ორგანიზაციას არასამთავრობოს კი არა, ოლიგარქიულს უწოდებენ. თუ უზბეკური დეფინიციის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ კი, შეიძლება ჩაითვალოს არასამთავრობო ორგანიზაციად – იქ, მაგალითად, პრეზიდენტის ქალიშვილი გულნარა აფუძნებს რაღაც ორგანიზაციებს...“, – განაცხადა კახა კუკავამ.