
გადაცემაში „არჩევანი“ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში მედიასთან დაკავშირებით არაფერია საგანგაშო, რადგან ივანიშვილი სახელმწიფოს მეთაური არ არის და ის შეფასებებში უფრო თავისუფალია, ვიდრე მანამდე იყო.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ცოტა არ იყოს უხერხულია, როცა ფილმის „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ავტორი, რომელმაც „იმედი“ სახელმწიფო გადატრიალების ბუდედ გამოაცხადა, დღეს მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს. ივანიშვილისგან ეს პირველი არ არის, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ჩარევა და არც მოჰყვება“.
დავით ზურაბიშვილის ამ რეპლიკას სტუდიაში მყოფი ნიკა გვარამიას პასუხი მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ თავის მოტყუებაა იმის მტკიცება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პირველი პირი არ არის:
„თავს ნუ მოიტყუებთ, თითქოს ივანიშვილი ქვეყნის მმართველი არ არის: რეალურად, ის არის ქვეყნის მმართველი. რანაირად არ არის, როცა მან გააკრიტიკა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და ღარიბაშვილი გამოვიდა 15 წუთში – კი ბატონო, შემეშალა და ვინანიებ ბატონი ბიძინას წინაშეო?
ამას გარდა, თქვენ ცრუობთ, როცა აცხადებთ, რომ ფილმში „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ მე ვარ მთავარი გმირი: არათუ მთავარი გმირი არ ვარ, მის შექმნაში მონაწილეობაც კი არ მიმიღია. ფილმი, რომელიც თქვენ გახსოვთ, არის ბადრი პატარკაციშვილზე და მთლიანად ეხება მას, რაც შეეხება ფილმს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ იქ მე არ ვფიგურირებ.
თქვენ თავად ბრძანეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ასეთი ფრაზები არც პირველია და არც უკანასკნელი, რაშიც გეთანხმებით. ბიძინა ივანიშვილი აძლევს თავს უფლებას, ქვეყნის ყველაზე დიდი, ამავდროულად, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და წარმატებული მედია უდიერად მოიხსენიოს, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. თქვენ თქვით, რომ არ ყოფილა ჩარევა და ამ ფრაზებს არანაირი ზიანი არ მოუტანია ჩვენთვის. რა შედეგზე მელაპარაკებით? რა შედეგი გინდათ ნახოთ?“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას პასუხად დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ფიცი დადოს, თუკი იქნება ჩარევა ხელისუფლების მხრიდან, გვერდით დაუდგეს ნებისმიერ მედიასაშუალებას, მათ შორის, „რუსთავი2“–ს.
ნიკა გვარამიამ ზურაბიშვილს პირობა მისცა, რომ აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში, თუკი ვინმე კომპანიაში რეკლამის მიტანისგან თავს შეიკავებდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს კომპანია არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს.