-
2014-02-04 21:35
ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ „რუსთავი2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი2“–ის ნებისმიერი თანამშრომელი ამაყობს იმით, რომ საქართველოში საუკეთესო მედიას აკეთებს.
„ნამდვილად არ გვაინტერესებს, როგორ უყურებს ამას პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე“, – აცხადებს ნიკა გვარამია. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს „რუსთავი2“–ს ყოფილი პრეზიდენტი აფინანსებს:
„ეს იმის დამადასტურებელია, რომ ივანიშვილი აგრძელებს „რუსთავი2“–ზე თავდასხმებს, „რუსთავი2“ არის ერთადერთი მომგებიანი ტელევიზია საქართველოში, რომელიც არათუ თავს ინახავს, არამედ მოგებასაც ტოვებს“, – აღნიშნა გვარამიამ.
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, „ის მონიტორინგი, რომლის ჩატარებასაც აპირებს მედიაში ბიძინა ივანიშვილი, მედიას ნამდვილად არ სჭირდება. მონიტორინგი სჭირდება მის მიერ დატოვებულ მთავრობას“.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი2" არაპროფესიონალიზმსა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იქ მუშაობა საამაყო არ არის.