-
2014-02-04 16:40
ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგზე „აფხაზეთის ხმა“ მიუნჰენში საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნო და ივანიშვილს ჰკითხა, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თუ ეს არის პრობლემები რუსეთთან.
„აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტმა ანანო კვაჭანტირაძემ ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზეთში რუსეთის მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გაფართოებაც ახსენა და დაინტერესდა, როგორია ყოფილი პრემიერის შეფასება, თუმცა, შეკითხვის ამ ნაწილს ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა.
„ჩემი აზრით, ვინც კარგად წაიკითხა ირაკლის გამოსვლა, ის ძალიან დაბალანსებული იყო. შესაძლოა, ეს ფრაზა ტექსტიდან ამოჭრილია, მსგავსი იმისა, რაც ბოკერიამ გააკეთა.
როცა მე ვიყავი ერთერთ ევროპულ ქვეყანაში, ერთერთ პრესკონფერენციაზე დამისვეს კითხვა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მე მოკლედ ვუპასუხე, რომ ვაკვირდებით და ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, რატომაც არა...
თქვენი კითხვა ცოტა ისე ეხმაურება ამ თემას, თითქოს ირაკლიმ თქვა, რომ მხოლოდ აფხაზეთთან გვაქვს პრობლემა და კონტექსტიდან ამოჭრილია, რომელიც მერე გაავრცელეს ნაციონალებმა.
ეს ირაკლის ასე არ უთქვამს, გენაცვალე, იქ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო საუბარი და გლობალურ პრობლემებზე. ასე რომ, არანაირი აუცილებლობა არ იყო იმისა, რომ პრემიერს მხოლოდ ასე დაენახა. მე მგონი, ეს ისეთივე მსგავსი მცდელობაა, რაც ჩემს შემთხვევაში იყო, რომ აი, ივანიშვილს სურს „ევრაზიულ კავშირში“ შესვლა და ასე შემდეგ...
თუ მაგ ქვეტექსტში გნებავთ კონკრეტულად, უფრო ადრეული შეცდომა, რომელიც ჩვენ დავუშვით, როცა ჩავებით სამოქალაქო ომში, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი უმეცრება – რაღაც პრობლემები არსებობდა, მაგრამ ეს არ არის ძირითადი, ამ პრობლემების მოგვარების. ორ მეზობელს შორის არსებობს პრობლემა და ის გვარდება.
ჩვენც გვქონდა რაღაც განსხვავებული კითხვები, მაგრამ ირაკლის არ გაუკეთებია აქცენტი, რომ ეს არის ძირითადი და გადამწყვეტი. არასწორად სვამთ კითხვას – ირაკლიმ დაბალანსებული განცხადება გააკეთა: პრობლემები არსებობს და ძირითადი პრობლემები რაც არის, ჩვენ კარგად ვიცით.
რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც ასე ამბობენ, არის ის, რომ ჩვენ ჩვენი ხალხი უნდა დავიბრუნოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან. უნდა გავუჩინოთ მათ სურვილი, რომ ჩვენთან თანაცხოვრება არის მათთვის უკეთესი და არა პირიქით. აი, ამ გზით უნდა შემოვირიგოთ ჩვენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ რაიმე სახის აქცენტი ძალაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ხმის“ შეკითხვაში გაჟღერებული პოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნჰენში გაახმიანა, კრიტიკის ობიექტი გახდა არამარტო ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან.
ასე მაგალითად, „ჯეიმსთაუნის ფონდის“ ექსპერტმა ვლადიმერ სოკორმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, როცა საქარტველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა მოისმინა:
„ძალიან იმედგაცრუელბული დავრჩი, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონფლიქტი საქართველოში არის კონფლიქტი საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ოსეთს შორის, ეს არასწორია, რადგან ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.
თუ ვთქვით, რომ ეს არის საქართველოს კონფლიქტი აფხაზებთან და ოსებთან, მაშინ გამოდის, რომ რუსეთი ოკუპაციაზე პასუხისმგებელი აღარ არის“, - განაცხადა სოკორმა.