
26 მაისის ეპიზოდზე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აკეთებენ.
ბოკერია ბურჯანაძის ჩვენებას სიბრიყვით სავსე პოლიტიკურ ლექციას უწოდებს: "არანაირი სიურპრიზი არ იყო იმ ადმიანებისთვის ვინც საღად აზროვნებს, ბურჯანაძის განცხადებები.
ეს იყო სიბრიყვით სავსე პოლიტიკური ლექცია ადამიანისა, რომელიც ღიად შეეკრა საქართველოს მტრებს. ყველა მისი ნაბიჯი მიმართული იყო ძალადობისა და სისხლისღვრისკენ. მან ყველა შესაძლებლობა, რომ ძალადობა აეცილებინა თავიდან, არა თუ არ გამოიყენა, არამედ ხელი შეუწყო მას", - განაცხადა ბოკერიამ.
სასამართლო პროცესზე ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერიც აფასებს. გიგი უგულავას განცხადებით ნინო ბურჯანაძემ აღიარა, რომ მისი მონაწილეობით, მისი ხელის თუ სხვა საკვანძო პირების მონაწილეობით, დროშის ტარები გამოყენებული იყო როგორც ხელკეტები, ტრანსფარანტები გამოყენებული იყო როგორც ფარი და "მოლოტოვის კოქტეილები" ასევე ეკუთვნოდათ მის მომხრეებს:
„ძალიან კონკრეტულად ქალბატონმა ნინომ აღიარა, რომ დიახ, მისი მონაწილეობით, მისი ხელის თუ სხვა საკვანძო პირების მონაწილეობით, დროშის ტარები გამოყენებული იყო როგორც ხელკეტები, ტრანსფარანტები გამოყენებული იყო როგორც ფარი და "მოლოტოვის კოქტეილები" ასევე ეკუთვნოდათ მის მომხრეებს.
მას ერთადერთი გასამართლებელი არგუმენტი ჰქონდა ის, რომ თუ ეს შესაძლებელია უკრაინაში, რატომ არ არის დასაშვები საქართველოში. მას უნდა ვუპასუხო, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის ორბიტიდან გასვლისთვის, ევროპული მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.
დიახაც, ეს შესაძლებელია და დასაშვებია ამ შემთხვევაში. ნინო ბურჯანაძე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ჩაშლას ცდილობდა. იგი ღიად პრორუსულ ხაზს ატარებდა და ის და მისი ვაჟი ოცნებობდნენ რუსეთის ჯარის შემოსვლაზე.
სწორედ ასეთ პირობებში ეს არ არის დასაშვები და სახელმწიფო მოქმედებს სწორად, როდესაც ასეთი რამის ალაგმვას ახორციელებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.