
"გვაქვს საშინაო დავალებები მომზადებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ", - ვლადიმირ პუტინის ცნობილი ფრაზა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაიმეორა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ცნობილი ფრაზა: "გვაქვს საშინაო დავალებები" საქართველოსთან ომის დაწყებამდე წარმოთქვა, როცა შეკითხვა ნატოს გაფართოების შესახებ დაუსვეს, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში 18 თებერვალს განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია მსოფლიოს ქვეყნებიდან მხოლოდ ორ: საქართველოსა და რუსეთის პროკურატურებს აქვთ.
გიორგი გოგაძემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურა მუშაობს როგორც უკრაინასთან, ასევე სხვა ქვეყნებთან, რათა მიაღწიონ იმ პირების ექსტრადიციას საქართველოში, რომლებიც, მათი აზრით, დამნაშავეები არიან, ხოლო შემდეგ დაამატა, რომ ეს ერთი დღის პროცესი არ არის, რასაც ვლ. პუტინის ფრაზა მოაყოლა.
ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ უკრაინიდან უარი მიიღეს ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციაზე, რის შემდეგაც ხელახალი მოთხოვნა გაიგზავნა, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილს, მასთან დაკავშირებით პასუხი არ მოსულა იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა დიდი ხნის გაგზავნილია, ამიტომაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებითაც ხელახალი მოთხოვნა გაიგზავნა.
"რაც შეეხება იმას, თუ ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში და რატომ არ თანამშრომლობს და არ ითანამშრომლებს ჩვენთან, ეს ცხადია და, თქვენთვისაც გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია: უკრაინასთან ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეთანხმება, რის მიხედვითაც ის ვალდებულია, დაიწყოს ძებნაში მყოფთა ექსტრადიციის პროცესი", - აღნიშნა შოთაძემ.