-
2014-02-03 01:24
პიროვნება, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში იარაღი ჩაუდო თენგიზ გუნავას, შემდეგ კი, ვანო მერაბიშვილის თქმით, საკნიდან გაიყვანა იგი და მთავარ პროკურორთან შესახვედრად წაიყვანა, დააწინაურეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიროვნება იდენტიფიცირებული იყო და სავარაუდოდ, ცნობილი იყო, ვინ გახლდათ ამ ორი ფაქტის მთავარი შემსრულებელი, ადრეც არსებობდა.
რამდენიმე თვის წინ „ზონანიუსმა“ გამოაქვეყნა კიდეც მისი ფოტო, თუმცა მასზე იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო და არც პირის ვინაობა იყო მითითებული. ამჯერად კი, როგორც ცნობილი გახდა, გია ქ.–იძე სასჯელაღსრულების დეპატრამენტში გადაიყვანეს და ის ამჟამად დეპარტამენტში რეჟიმის სამმართველოს უფროსია.
"აფხაზეთის ხმამ", ჯერჯერობით ვერ შეძლო ამ ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულების დეპატრამენტში, ამიტომ, პიროვნების ვინაობის სრულად დასახელებისგან თავს შეიკავებს მანამ, სანამ უწყება ოფიციალურ კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების დეპატრამეტის გარდა, ინფორმაცია დასტურდება რამდენიმე კომპეტენტური, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და სანდო წყაროდან, მასალას ამ დაწინაურების შესახებ მაინც აქვეყნებს.
გია ქ.–იძე ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების პოლიციის თანამშრომელია და შსს-ში „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც მუშაობდა, ის დაპატიმრებულიც იყო, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, გია ქ.–იძე შსს-ს სისტემაში არ მუშაობდა.
როგორც წყარო ამბობს, ზუსტადაა დადგენილი, რომ სწორედ მან ჩაუდო იარაღი თენგიზ გუნავას. წყარო აცხადებს, რომ ამ თემას თავად გუნავა საკუთარი წყაროებით ამოწმებდა და ამის გარდა, ასახელებს ერთერთ ქალბატონს, რომელმაც ეს ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის კულუარებიდან გამოიტანა. მისი თქმით, ეს ქალბატონი ადრინდელ შსს-ში მოსმენების განყოფილებასთან იყო დაკავშირებული, დღეს კი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პოლიტიკური პარტნიორია ერთერთ წარმომადგენლობით ორგანოში.
წყაროს თქმით, გუნავას სკანდალის შემდეგ გია ქ.–იძე დროებით ჩამოაშორეს შსს-ს და ცნობისმოყვარე თვალს გაარიდეს, თუმცა, სწორედ ეს პიროვნება დასჭირდათ, როცა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ვანო მერაბიშვილთან გასაუბრება თვისსავე კაბინეტში მოინდომა.
ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც გია ქ.–იძესთან გასაუბრება, რათა გაგვეგო მისი პოზიცია ჩვენამდე მოსულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თუ ის ამ წერილში და ფოტოში საკუთარ თავს ამოიცნობს და გამოთქვამს სურვილს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ამის საშუალება დაუბრკოლებლად მიეცემა.