
„გაფრთხილებას მივცემდი, რომ უფრო ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან მაშინ ვერტმფრენი ჰაერში დაგვიზიანეს“, - ასე უპასუხა გია ბარამიძემ „იმედის კვირის“ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რას მოიმოქმედებდა, ახლა რომ შს მინისტრი იყოს და მსგავს ოპერაციაზე გზავნიდეს შენაერთებს.
„სიმართლის გარკვევა ძალიან ადვილია, თუ ეს ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს, რომ ჩვენ ბავშვებს ქვევრში ვახრჩობდით, პრემიერმინისტრს ვკლავდით, დატყვევებულ ხალხს ვხვრეტდით და საერთოდ, პირსისხლიანები ვიყავით“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ და იქვე დაამატა, რომ არსად არ აპირებს გაპარვას:
„ახლა მივდივარ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მერე კიევში... არსად გაპარვას არ ვაპირებ, დავბრუნდები აუცილებლად... თუ ეს ჩვენს საქმეს სჭირდება, ციხეში ჩავჯდები ჩემს მეგობრებთან ერთად, იმუნიტეტსაც მოვიხსნი... ეს ბრძოლა ახალი არაა ჩვენთვის, ჩვენ ბევრად მნიშვნელოვან პრობლემას ვებრძვით, ვიდრე ივანიშვილი და მის ირგვლივ ფულის გამო შეკრებილებია...
იმედია, დამთავრდება ლეგენდები იმის შესახებ, რომ აფრასიძეები საერთოდ უდანაშაულონი იყვნენ, რომ იარაღი არ ჰქონიათ საერთოდაც და არც შეიარაღებულები იყვნენ...“, - აღნიშნა ბარამიძემ, ხოლო რეპლიკაზე: „ნატყვიარები მეზობლის სახლებსაც ამჩნევია“, განაცხადა, რომ ძნელი გასარკვევია, რა მიმართულებით წავიდა ტყვიები, მით უმეტეს, რომ „აფრასიძეების სახლი იდგა ყველაზე მაღალ ადგილას და იმის უკან იყო სოფელი, ანუ, ისინი ისროდნენ ზემოდან ქვემოთ...“