
ბათუმი–თბილისის მატარებელი, რომელიც თბილისში გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე უნდა ჩამოსულიყო, ვაგზალზე ღამის სამის ნახევარზე შემოვიდა. შემადგენლობა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უკაცრიელ ადგილას, ხარაგაულთან იყო გაჩერებული.
ზესტაფონსა და ხარაგაულს შორის მატარებლის გაჩერების მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობით გამოწვეული პრობლემები გახდა.
შემადგენლობის მგზავრებს, რომელთა შორის, ცხადია, ბავშვებიც იყვნენ, სამი საათის განმავლობაში მატარებლის გაჩერების მიზეზს ვერ ეუბნებოდნენ და უცხადებდნენ, რომ დამხმარე ელმავალი, რომელსაც შემადგენლობა უნდა ჩაბმოდა, წუთი–წუთზე მოვიდოდა:
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, სამწუხაროდ. ამგვარი რამ პირადად მე უკვე მეხუთედ შემემთხვა. გამოირთო გათბობა, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში გამოირთო დენიც, ციოდა, ბავშვები ტიროდნენ და, რაც მთავარია, გვატყუებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ დამხმარე ელმავალი მალე შემოვიდოდა.
ამის შემდეგ იძულებული გავხდით, ჟურნალისტებს დავკავშირებოდით. ეს, ელემენტარული უპატივცემულობაა – ამხელა შემოსავალი აქვს რკინიგზას და კეთილი ინებონ, ისე მოახერხონ, რომ უამინდობის გამო მატარებელი სამი საათით არ ჩერდებოდეს“, – აცხადებს ერთ–ერთი მგზავრი.
„საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, რომ შემთხვევა უამინდობით გამოწვეული მიზეზების ერთობლიობამ გამოიწვია.