
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან დანაშაულს არცერთი არ აღიარებს. ირაკლი ფირცხალავა განზრახ მკვლელობის ბრალდებას ზღაპარს უწოდებს, ხოლო გიორგი ცააძე - სასაცილოს.
ადვოკატების განცხადებით, აბსურდია პროკურატურის ვერსია, რომ თითქოს ფირცხალავა ადამიანთა ლიკვიდაციას გეგმავდა და ამისთვის შსს-ს მთელ რესურსს იყენებდა.
შეგახსენებთ, ირაკლი ფირცხალავას ალექსანდრე ხუბულოვზე პირადი შურისძიების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვა და ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ედება ბრალად. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. იგივე ბრალდებას წაუყენებენ სავარაუდოდ, გიორგი ცააძესაც, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ხუბულოვსა და ვაზაგაშვილს ე.წ. საკონტროლო ტყვიები დაახალა.
გუშინ გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდნენ ასევე გარდაცვილი იური ვაზაგაშვილის მეუღლე და ადვოკატები. მათი თქმით, გამოძიებას დამატებითი მასალები მიაწოდეს.
ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ საქმის გამოძიების წარმატებით დასრულების იმედი აქვს, რადგან "მასში მთელი სახელმწიფო რესურსია ჩართული". მისივე თქმით, "იმდენი გარემოება გახდა ცნობილი და იმდენი მასალაა მიწოდებული, რომ გამოძიება კვალზე უნდა გავიდეს".
ირმა ჭკადუა ასევე ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ხელს აძლევდათ მხოლოდ 2006 წლის სპეცოპერაციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.
ირაკლი ფირცხალავასა და სხვა ათი ყოფილი და მოქმედი პოლიციელის დაკავების ფაქტს ეხმიანებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. "ტაბულას" ეთერში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელების გასამართლება სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება:
"რომც წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ირაკლი ფირცხალავა დამნაშავეა და მან დანაშაულებრივი ბრძანება მისცა სპეცრაზმის წევრებს, სპეცრაზმელების დაკავება, მითუმეტეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით რა ლოგიკაში ჯდება?
რა, სპეცრაზმის თანამშრომელი ვალდებულია, რომ შეისწავლოს საქმე, როცა მას ავალებენ ადამიანს ესროლოს და ნახოს, აქ რამე გადამეტებას ან შურისძიებას ხომ არ აქვს ადგილი? სპეცრაზმელი იმის სპეცრაზმელია, რომ მიიღო დავალება და შეასრულოს. ისინი იმიტომ დააკავეს, რომ როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.
განსხვავებით სხვა რეზონანსული საქმეებისგან, რომლებზეც გაუმართავთ ბრიფინგები, დღეს არც წყარო დაუსახელებით, არც რამე საბუთი უჩვენებიათ. დაიჭირეს სპეცრაზმელები იმ იმედით, რომ ამდენწლიანი პატიმრობის მუქარით ვინმე მაინც გატყდება და რამეს იტყვის, რომ ამ უაღრესად საეჭვო საქმეში რამე მტკიცებულება შექმნან".
როგორც უტიაშვილმა "ტაბულის" ეთერში, გადაცემა "თეორემაში" თქვა, მას აეჭვებს დრო, როდესაც გამოცხადდა საქმის გახსნა. ასევე, პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომ არ ენდობოდნენ მათ, ვინც საქმეს იძიებდა და ჩამოაშორეს ისინი.
"მათ აშკარად თქვეს, რომ ყველა ძველი გამომძიებელი გავუშვით და მოვიყვანეთ ახლები. ამ რამდენიმე დღეში კი, მითიური ახალი გამომძიებლები საქმის გახსნას და ბრალის წაყენებას კი არა, ამხელა საქმის, რომელიც ალბათ, მრავალი ასეული გვერდისგან შედგება, წაკითხვასაც კი ვერ მოასწრებდნენ. ვინ გამოიძია ეს საქმე? ახალმა ხალხმა რამდენად მოასწრო ამ მოკლე ვადაში მთავრობის მიერ დაანონსებული საქმის გახსნა?" - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ "მთავრობის წევრებმა პროკურატურას მისცეს სამუშაო სცენარი, მისცეს სავარაუდო ეჭვმიტანილთა გვარები და დედლაინი, რა დროშიც უნდა გახსნილიყო საქმე".
მისივე შეფასებით, "ეს ყველაფერი დაუჯერებელი მოტივია იმისთვის, რომ მოვკლა სამი ადამიანი შუა ქუჩაში დღისით, მზისით, იმიტომ, რომ ჩემი ნარკომანი ძმის შესახებ პოლიციას უთხრეს". წამყვანმა შეახსენა, რომ პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ფირცხალავას პირად დაინტერესებას ასევე დაემატა ხელისუფლების ინტერესი ნულოვანი ტოლერანტობის დემონსტრირების შესახებ, რაზეც უტიაშვილმა თქვა, რომ "ეს მსჯელობა ჯანსაღი მსჯელობის ფარგლებიდან გადის". მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არასოდეს არ აწყობს შუა ქალაქში სროლა.
"რამდენიმე ათეული ადამიანის გამოყვანა მხოლოდ პირადი დაინტერესების გამო, არ გამიგია, რომ მომხდარიყო და ვინმეს მოეფიქრებინოს ან განეხორციელებინოს. თუ მაინცდამაინც შურისძიება უნდოდა, ბევრად უხმაურო მეთოდების მოფიქრება შეეძლო, ვიდრე ქალაქის ცენტრში ამის მოწყობა" - განაცხადა უტიაშვილმა.