
31 იანვარს მოსკოვის საავადმყოფოში, 57 წლის ასაკში ეროვნებით იეზიდი „კანონიერი ქურდი“, თბილისში დაბადებული თემურ მირზოევი, იგივე „თემურ სვედლოვსკი“ გარდაიცვალა.
თემურ მირზოევი აწ გარდაცვლილი „დედ ჰასანის“ დისშვილია. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარდაცვლილს მოსკოვში, „დედ ჰასანის“ გვერდით დაკრძალავენ. მირზოევის გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზის მწვავე ფორმა სახელდება: ბოლო დღეებში კრიმინალური ავტორიტეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
„თემურ სვერდლოვსკი“ ცნობილი იყო, როგორც ურალის მხარეში „დედ ჰასანის“ ემისარი. საიტზე „პრაიმკრაიმ.რუ“ არის ცნობა იმის შესახებაც, რომ 80–იან წლებში მირზოევს „კანონიერი ქურდის“ ტიტული შეუჩერეს, ხოლო 1992 წელს, „დედ ჰასანის“ ინიციატივით, ის „უფლებებში“ ისევ აღადგინეს.
მირზოევი ბოლოს გასულ წელს ეკატერინბურგში, ე.წ. ქურდული თავყრილობის დროს დააკავეს. მაშინ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ მირზოევის გარდა, თავყრილობის ყველა მონაწილე სამართალდამცველებისკენ ზურგით, კედელთან, ხელებაწეული დგას, მირზოევი კი ზის, ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა კანონიერი ქურდი, პასუხობს:
„მე მაიმუნი არ ვარ, რომ თქვენს წინაშე ვიხტუნაო. შედით ინტერნეტში და იქ ყველაფერი წერია“.
აღსანიშნავია, რომ „თემურ სვერდლოვსკი“ ექვსი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ერთერთ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს, რადგან ალკოჰოლიკად და სიმულანტად მიიჩნიეს. ორი დღის შემდეგ მირზოევი კომაში ჩავარდა და გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.