Primum non nocere! ანუ რას ავნო "მანდარინებმა"?

Image

ქართულ-ესტონურმა ფილმმა "მანდარინები", რომელიც "ოსკარზე" იყო ნომინირებული, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი? რას ედავებიან ფილმის ქართველ რეჟისორს და რატომ მიაჩნია აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილს "მანდარინები" ანტიქართულ ფილმად? "აფხაზეთის ხმა" რიგაში მცხოვრები ქართველის ერიკ გრიგოლიას საინტერესო წერილს გთავაზობთ.

 

Primum non nocere!

 

ორი ქართული ფილმი წარდგენილია „ოსკარის“ პრემიაზე. ორივე აფხაზეთის ომის თემატიკისაა. ორიე ფილმმა უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“,  წარდგენილია საქართველოს მიერ, ხოლო მეორე- ზაზა ურუშაძის „მანდარინები“,  ქართულ-ესტონურ კოპპროდუქციაა და ოსკარზე წარდგენილია ესტონეთის მიერ „უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში.

 

 

„სიმინდის კუნძულს“,  საკანონმდებლო ორგანოში ამასწინანდელ  წარდგენაზე,  კრიტიკის გრიგალი  დაატყდა. იგი შეფასებულ იქნა, როგორც ანტიქართული ფილმი.

 

„მანდარინები“ საკანონმდებლო ორგანოში არ წარუდგენიათ და ამიტომ მისი შინაარსის შესახებ შეუძლიათ განსაჯონ მხოლოდ მათ, ვისაც საშუალება ჰქონდა   ფილმი ენახა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი უკვე უჩვენეს „რუსთავი 2“ სატელევიზიო არხზე. კრიტიკის ქარიშხალი არ ყოფილა, მხოლოდ თითო-ოროლა შენიშვნა, შესაძლოა იმის გამო, რომ ცალკეული პასაჟები ფილმისა ბევრმა ვერც გაიგო ან კი ყველას ხელი აქვს უკვე ჩაქნეული.

 

სწორედ ამ  ქართულ-ესტონური ფირზე „მანდარინები“-ს შესახებ (გადაღებულია: Allfilm, Cinema 24, Eesti Film Instituut, Georgian National Film Center, Eurimages მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და  ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით) ვიმსჯელოთ და გავარჩიოთ ეს „შედევრი“, რომელშიაც კვლავ  იჩინა თავი, აფხაზეთის ომის  თემაზე  ქართველ კინორეჟისორთა უცვლელმა თვითგვემისა ან საკუთარი შარვლიდან ამოხტომის სურვილმა და რაშიც კიდევ ერთხელ  დავრწმუნდებით-წარმოდგენის სრულიად უქონლობაში ამ ომის მსვლელობის შესახებ და მათ სრულ უმეცრებაში  ამ კუთხისა და საერთოდ- საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნისა.

 

მაშ ასე, ფილმი „მანდარინები“  2014 წლის დასაწყისში წარმოდგენილ იქნა ბალტიისპირეთში- ესტონეთსა და ლატვიაში. რიგაში, შეზღუდულ ჩვენებაში, სხვასთან ერთად,  ბუნებრივია  მაყურებლად მოწვეული იყო ქართული დიასპორაც. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობთა პროფესიონალიზმი, გადაღების ხარისხი და რაც მთავარია ფილმის ხასიათი(თრეილერია ბოლოს და ბოლოს) მაყურებელს ხიბლავს და აღელვებს. მაგრამ, ფილმის მახინჯი სცენარი, რაც გამოიხატება  იმდროინდელი მოვლენების რეალობებთან სრულ შეუთავსებლობაში, ფილმს უსუსურს ხდის კრიტიკის მიმართ.

 

ფილმის ჩვენების დასრულებისა და დარბაზის საერთო აღტაცების ატმოსფეროში გაოცება გამოიწვია ქართულმა აუდიტორიამ (მხედველობაშია არა აფხაზეთიდან წამოსულები), რომელიც არანაკლებ გაუთვითცნობიერებული აღმოჩნდა აფხაზეთის ომზე, ვიდრე არაქართველები. გამოთქმულ პროტესტს, რომ საომარ მოქმედებებში ესტონელები არ მონაწილეობდნენ და მითუმეტეს ქართველთა წინააღმდეგ, მათ ყურიც არ ათხოვეს: „რა, მაშ რეჟისორი  სტყუის?!“-ასეთი იყო მათი რეაქცია.

 

ჩვენებას ესწრებოდა თვით ზაზა ურუშაძეც და კინოსურათის ერთ-ერთი ესტონელი პროდიუსერი, რომელსაც პირდაპირ დაუსვეს კითხვა: თუ იცოდა მან იმის შესახებ, რომ ესტონელებს იარაღი არ აუღიათ ქართველების წინააღმდეგ? რაზეც მან საკმაოდ გულახდილად უპასუხა, რომ „მანდარინებამდე“  ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ეხლა ყველა შეკითხვა ქართველ რეჟისორსო!

 

ამ ბატონებს გადასცეს ამჟამად ესტონეთში მცხოვრები სოხუმელი ესტონელების გულისწყრომა ფილმის სცენარის გამო, რაზეც ურუშაძეს პასუხი იყო ის, რომ  მას არ აინტერესებს მათი აზრი და რატომღაც დასძინა, რომ სამაგიეროდ მისი ფილმი არ არის ლენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“-სავით ანგაჟირებული. მხოლოდ გაუგებარი დარჩა- რა შუაში იყო ეს  და როგორ შეიძლება ამ ფილმების  შედარება? ამ უკანასკნელის რეჟისორი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ფაქტებით  მაინც იყო დაინტერესებული, რასაც ვერ ვიტყვით „მანდარინების“ რეჟისორის შესახებ, რომელიც როგორც ჩანს საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას აფხაზეთის 1992-93 წწ. კონფლიქტის შესახებ.

 

ფილმი თითქოს  მხატვრულია და არა დოკუმენტური, თუმცა, „მანდარინები“ მიუკერძოებლობით ვერ დაიკვეხნის-ბევრგან გამოსჭვივის  საეჭვო იდეოლოგიური პასაჟები. ასე  მაგალითად:

 

-ფილმის ბოლოში ქართველისა და ჩეჩენის გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ-როგორ გინდა არ შეარქვა ამას იდეოლოგიური მომენტი?

 

-თითქოსდა ესტონელებზე მზრუნავი აფსუების ღირსეულ რაინდებად გამოყვანის  მცდელობა, რასაც ძნელია დაეთანხმო- მაშ რატომ დღემდე ჭიანურდება  და არ აბრუნებენ ესტონელებს თავთავიანთ სახლებში?

 

-ქართველი აგრესორია-ოკუპანტი! საოცარია არაა? არადა ქართველმა გადაიღო ფილმი!

 

კავკასიური მეგობრობის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არავინაა, მაგრამ ამ პასაჟებს იაფფასიანი პოპულიზმის სუნი უფრო ბლომად ასდის, ვიდრე რეალობის ნატამალი, ხოლო ფილმის უეცრად უცნაური ფინალის გამო, ის საერთოდ ხდება ანტიქართულ არგუმენტად!

 

ფილმის მთავარი გმირი თავისი კეთილშობილური ქცევით (ის ბრძოლაში მოკლულ ქართველს მარხავს, თითქოსდა ქართველების მიერ, ასევე ბრძოლაში მოკლული თავისი შვილის გვერდით) თითქოს ეუბნება ჩეჩენ ახმედს: დროა კავკასიელებმაც ისწავლოთ მიტევება! -ჰმ, რა ჰუმანურობაა? ოღონდაც ერთი არ გაუთვალისწინებია რეჟისორ-სცენარისტს: ასეთი დეზინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია, რომ არა უსინდისობა აფხაზეთის ესტონელთა მიმართ-არაფერს ვამბობთ თვით ქართველებზე. რეჟისორ ურუშაძესა და მათ გასაგონად, ვინც არ იცის: იმ ომში ქართველებს ესტონელები არ დაუხოციათ და ადგილობრივ ესტონელებს ქართველების წინააღმდეგ იარაღი არ აუღიათ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ყველაზე ახლო ურთიერთობა აფხაზეთში  სწორედ ქართველებთან ჰქონდათ.

 

მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ამის შესახებ თვით ესტონელები აფხაზეთიდან.

 

 „მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ მცირემიწიან ესტონელებს შესთავაზა ყირიმში და სხვა გუბერნიებში  დასახლება. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ისინი იქ ვერ შეეწყვნენ და გზა დაიდვეს კავკასიისაკენ და დასახლდნენ ძირითადად კავკასიის ქედის სამხრეთში, კერძოდ აფხაზეთში, სადაც დააარსეს რამდენიმე სასოფლო დასახლება: „სულევი“, „სალმე“, „ლინდა“, „ესტონია“ და სხვ. პირველი ორი მდებარეობდა დაბა განთიადში  ქ.გაგრასთან, ხოლო „ლინდა“და „ესტონია“ შესაბამისად სოხუმსა და გულრიფშში. მიუხედავად თითქმის  პურიტანულად ცხოვრების წესისა, ისინი დაუმეგობრდნენ ადგილობრივ ქართველებს და არც თუ იშვიათად ნათესაურ ურთიერთობაში შედიოდნენ მათთან“.  

 

ე. კოზენკრანიუსი (დაბ. 1933 წ. აფხაზეთში) მოგვითხრობდა, რომ აფხაზეთში ესტონელები მეტ ნაკლებად ყველასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში  იმყოფებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებით მეგობრობდნენ ქართველებთან, ვინაიდან თვლიდნენ მათ თავისნაირ  შრომისმოყვარე, მიწათმოქმედ, ცივილიზებულ  ერად და ამავე დროს კარგ  მევენახეებად, ხალისით უზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და სწავლობდნენ მათგან ("Kaukaasia eestlaste lugu". 2009. Tallin. Erich Kozenkranius).  აწ განსვენებული ერიხ კოზენკრანიუსი წლების განმავლობაში წარმოადგენდა კავკასიის ესტონელებს და იყო „კავკასიის ესტონელთა საზოგადოების“ დამაარსებელი ესტონეთში.

 

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ესტონეთის მთავრობამ გამოყო თვითმფრინავები და ბაბუშერის აეროპორტიდან გაარიდა ადგილობრივი ესტონელები  საშიშ ზონას (ასევე მოიქცა საბერძნეთიც, ისრაელიც. სომხეთმა და რუსეთმა-თავისიანები დატოვეს კონფლიქტის ზონაში!). ესტონეთის სახელმწიფომ დაბრუნებულებს  დაურიგა მიწები, ბინები და ამჟამად, ესტონეთის ზოგ რაიონში ისინი გასახლებულნი არიან კომპაქტურად და  90-იანი წლების ბოლოს „კავკასიელ ესტონელთა საზოგადოებაც“ კი ჩამოაყალიბეს. წლების განმავლობაში ბევრმა წყალმაც ჩაიარა, მაგრამ ქართველებთან კონტაქტი მათ არ შეუწყვეტიათ.

 

1992-93 წწ. რუსეთის ხელშეწყობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე  განხორციელდა ქართველების ეთნიური წმენდა. ასობით ათასმა ქართველმა და მათმა მომხრეებმა დატოვეს თავიანთი კუთხე და იქცნენ დევნილებად. ბევრმა  თავშესაფარი იპოვა ესტონეთში.

 

და აი, უკვე 21 წელიწადია, რაც აფხაზეთიდან წამოსული ესტონელები და ქართველები იმყოფებიან ესტონეთში. წელიწადში ერთხელ, კავკასიელი ესტონელები თავიანთ ქართველ ნათესავებთან, მეგობრებთან და ყოფილ მეზობლებთან ერთად 15 მარტს იკრიბებიან ქ.ტალინში და ატარებენ სადღესასწაულო ღონისძიებას, თვითშემოქმედების კონცერტებს და რა თქმა უნდა-შლიან ქართულ სუფრას.

 

თითქოსდა  ყველა ადაპტირებულია ახალ პირობებთან, ყველა რაღაცითაა დასაქმებული, და მაინც- როგორც ქართველებს, ასევე ესტონელებს ენატრებათ თავიანთი მიტოვებული სახლები, ენატრებათ სოხუმი, გაგრა, შავი ზღვა. ამით სოხუმელი ესტონელი არაფრით გამოირჩევა ქართველი დევნილისაგან. მაგრამ, რაც დამახასიათებელია: არც ერთ ესტონელს აზრადაც არ მოუვა თავში ქართველების გარეშე დაბრუნდეს უკან!

 

საინტერესოა, ჰქონდა კი, თუნდ ერთ-ერთ მათგანთან  საუბარი „მანდარინების“ ავტორს?

 

აი, რა აზრისანი არიან ისინი: „ჩვენ, ესტონელებს ეს ფილმი სრულებით არ მოგვწონს! იქ სრული დეზინფორმაციაა და  ბევრი რამე ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ამასთან ფილმის მთავარი გმირი ივო და მისი მეზობელი მარგუსი სრულებით არ ჰგვანან აფხაზეთის ესტონელებს. ისინი უმალ იმ სეზონურ მომუშავეებს მაგონებენ, ძირითადად რუსეთიდან რომ  ჩამოდიოდნენ საშოვარზე.  ასეთებს აფხაზეთის მოსახლეობა და რა თქმა უნდა ჩვენც  ვქირაობდით მანდარინების საკრეფად. ჩემს სოფელში „ესტონკაში“ გულრიფშში რომ არის, პრაქტიკულად ყველას ორსართულიანი ან ბელეტაჟის კაპიტალური სახლები გვედგა“(მ.ტრუმანი, კეხრა, ესტონეთი).

 

აფხაზეთის ესტონელები და ქართველები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ფილმის დაბოლოების გამო, სადაც მოხუცი ივო „მტერ“ ქართველს ასფლავებს თავისი შვილის საფლავის გვერდით, რომელიც თურმე ქართველებს მოუკლავთ!

 

„ქ.კივიიოლში, სადაც აფხაზეთის ესტონელები კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, ფილმის ჩვენების შემდეგ ჩვენ მოგვიწია მაყურებელთა გადარწმუნება, რომ ესტონელებს აფხაზეთში  არ უომიათ ქართველების წინააღმდეგ და ქართველებს არ დაუხოცავთ ესტონელები! ქართველ რეჟისორს  ურუშაძეს სადღაც ყური მოუკრავს, რომ აფხაზეთში თურმე ესტონელებს უცხოვრიათ და იქ მანდარინები ხარობს, მონდომებია ფილმის გადაღება და სახელდახელოდ დაწერილი სცენარით არც კი დაფიქრებულა  შესაძლო შედეგებზე.

 

ფილმი „მანდარინები“ არსებითად ჩაფურთხებაა  ჩვენ ხალხებს შორის 130 წლიან  მეგობრობაში. რომ არა ესტონელთა ევაკუაცია კონფლიქტის ზონიდან, ჩვენ დიდი ალბათობით აღმოვჩნდებოდით ქართული ჯარის რიგებში, ჩვენ ქართველ მეზობლებთან  ერთად და დავიცავდით  ჩვენს სოფლებს სეპარატისტებისაგან, ჩრილოკავკასიელი და რუსკაზაკი მოძალადეებისაგან და სხვა ინტერნაციონალური ხროვისაგან მთელი სსრკ-დან.“(ა.ბერგეტი, ქ.კივიიოლი, ესტონეთი). 

 

გაუთვითცნობიერებელ ადამიანს, როგორიცაა ამ ფილმის  მიზნობრივი უცხოელი მაყურებელი, რჩება წარმოდგენა, რომ აფხაზეთში ქართველებს არც კი უცხოვრიათ; იქ მხოლოდ აფსუას ტომი და  ცოტათი ესტონელებიც ცხოვრობენ; ერთხელ ქართველები შემოიჭრნენ აფხაზეთში და დაუწყიათ აფხაზების და ესტონელების ხოცვა რაღაც ეფემერული ტერიტორიული მთლიანობისათვის, ხოლო მეგობარ ჩეჩნებს თავი გამოუდვიათ მათ დასაცავად-ფულისათვის რა თქმა უნდა.

 

დიახ, სწორედ ასე! მაყურებელი ადვილად იჯერებს ამას-ქვეყანას ხომ აფხაზეთი ჰქვია, ე.ი. ძირითადად აფხაზებითაა დასახლებული, ხოლო ქართველები მოსული არიან, თითქმის ჩეჩნებივით საომრად. ეს ყველაფერი ისაა, რასაც ჰქვია სიცრუე და ისტორიული ფალსიფიკაცია, რასაც ასე მონდომებით ეწეოდა ეთნოკრატიული აფხაზური იდეოლოგიური მანქანა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში კრემლის ხელშეწყობით და ახლა ქართველი ურუშაძის დადასტურებით. ახლა უკვე არავის ახსენდება, რომ თანამედროვე აფხაზეთი სანახევროდ შედგება აფსუას ტომის მიერ მე-17 ს-ში მიტაცებული ოდიშის სამთავროს მიწებისაგან, მაგრამ ქართველ რეჟისორს არ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ?

 

კიდევ ერთი მითი, რომელიც გაჟღერებულია ფილმში, ესაა დაქირავებულ ჩეჩენთა მონაწილეობა აფხაზეთის ომის დროს. სხვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩეჩნები არა ფულისათვის, არამედ ე.წ. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნის იდეისათვის იბრძოდნენ. მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ისინი ბრიყვად გამოიყენეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და მათმა დამქაშებმა- აფსუა ტომის ფალსიფიკატორებმა, ადგნენ და წავიდნენ. მოგვიანებით თბილისში, პრეზიდენტი მასხადოვი ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს, თავისი ნაკლებ შეგნებული თანამემამულეთა მაგიერ.

 

ესეც არ იცის ურუშაძემ! გაკვირვებას იწვევს ეს ყველაფერი.

 

ყოველივე ზემოთ მოყვანილი, იმედია მცირე  გაკვეთილი მაინც იქნება ეთნიურ თემაზე მომუშავე მომავალი სცენარისტებისა და რეჟისორებისათვის, განსაკუთრებით კი- ვისაც სურს შეეხოს ეთნიურ კონფლიქტებს. აუცილებელია ძალიან ფრთხილი მიდგომა ამ თემატიკის მასალების მოპოვებისა და შერჩევისას. თუკი  ავტორი არ ფლობს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას ამ თემის შესახებ, ფიქრიც არ ღირს კალმის ხელში ასაღებად. მცირედი დოზით  ფანტაზია დასაშვებია, მხოლოდ არა ზიანის მომტანი.

 

ისე კი, უმჯობესია საერთოდ არ შევეხოთ კონფლიქტურ თემას, რასაც შეუძლია ადამიანებისათვის ძველი იარების გახსნა. ეს არის არა მხოლოდ იმ კონფლიქტში  მონაწილე ქართველთა და ყველა დაზარალებულთა აზრი, არამედ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა შეხედულებაც. მაგრამ, თუკი ერთხელ აღმოვაჩინეთ  ესტონელთა აფხაზეთში მოსახლეობის უცნაური ფაქტი და გაგვიჩნდა დაუოკებელი სურვილი შევქმნათ რამე კონფლიქტურ თემაზე, რეჟისორმა პრინციპიალურად უნდა იმუშაოს როგორ  ექიმმა: Primum non nocere! (უპირველეს ყოვლისა - არ ავნო!)

 

ამას წინათ, ერთმა თეატრალურმა რეჟისორმა ერთ-ერთ რუსულ არხზე თქვა, რომ თეატრი და კინო უპირველესად დადგმაა და ამდენად არამართალიაო, ე.ი. სიცრუეა. საინტერესო მოსაზრებაა რა თქმა უნდა, რასაც შეიძლება არც დავეთანხმოთ.  რომ მოვიყვანოთ  მაგალითად, მე-17 საუკუნის ჩვენი უდიდეს განმანათლებელის სულხან-საბა ორბელიანის იგავთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“, იგავის ანუ სიცრუის ხელოვნება ესეც სიბრძნეა, რომელიც სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, არსებულის  უკეთ აღქმას.

 

ეტყობა ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც ფანტაზია, ირეალობა, ალეგორია ეხმარება აღიქვას ისეთი კატეგორია, რასაც ეწოდება სინამდვილე. მოგონილი სიუჟეტი აღვივებს შემეცნებას.

 

ჩვენს შემთხვევაში  საქმე გვაქვს მტკნარ სიცრუესთან, რაც მავნებელია! და პირველ რიგში ავტორისათვის, რომ  არაფერი ვთქვათ მაყურებელსა და მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. მაყურებელი ამ შემთხვევაში მსხვერპლია!

 

ერიკ გრიგოლია (ქ.რიგა, ლატვია)

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !