-
2015-01-26 11:34
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი „კვირის პალიტრასთან“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს.
„...რჩება ვერსია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა.
20 იანვარსვე, აფეთქებიდან რამდენიმე საათში, პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა აფეთქების ვიდეოკადრები მომიტანა კომენტარის გასაკეთებლად.
ძალიან ძნელია მხოლოდ ვიდეოკადრებით იმის გარკვევა, რა აფეთქდა, თუმცა, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო დაღუპული იური ვაზაგაშვილის შუბლზე რამდენიმე ერთმანეთის მსგავსმა ჭრილობამ, რომელთა ზომები შეესაბამებოდა საბჭოთა წარმოების Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევებით მიყენებულ ჭრილობებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა(!).
როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო აფეთქება? შვილის საფლავზე შესულმა იური ვაზაგაშვილმა შენიშნა, რომ ერთი ფილა მიწაზე არასწორად იდო, მისი გასწორება სცადა და ხელით წამოსწია, რასაც 3-4 წამის შემდეგ ამ ფილის ქვეშ ჩადებული Ф-1 ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა.
ხელყუმბარაში ჩახრახნილ ფალიას მოხსნილი ჰქონდა დამცველი რგოლი (კრიმინალისტებმა კარგად რომ მოძებნონ, შეიძლება სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვონ კიდევაც ეს რგოლი), სახელურს გახსნის საშუალებას კი ზემოდან დადებული ფილის სიმძიმე არ აძლევდა.
ხელყუმბარის აფეთქების ეს ხერხი ანუ "ბომბა-სიურპრიზი" ომებში (ვიეტნამის, ავღანეთის, ყარაბაღის, აფხაზეთის) დიდი ხანია, გამოიყენება. ბრძოლის ველზე ცხედრების ქვეშ დებენ ასაფეთქებლად შეყენებულ ხელყუმბარებს, რომლებიც ცხედრის აღებისთანავე ფეთქდება.
ზემოხსენებულით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებლად შეყენებული ხელყუმბარის დამდებს ან დამდებთ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების გამოცდილება (ყოველ შემთხვევაში, ხელყუმბარები მაინც გამოუყენებიათ, რაც ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ბევრს ხელყუმბარის შორს გადაგდებისაც კი პანიკურად ეშინია), თუმცა, არამართებული იქნება ცალსახად იმის თქმა, რომ აფეთქების მომწყობები მაღალი დონის პროფესიონალებს შორის უნდა ეძებოს გამოძიებამ.
აფეთქების მომწყობებმა სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთეს - შვილმკვდარ მამას უეჭველად მოხვდებოდა თვალში გადაადგილებული ფილა და მის ჩვეულ ადგილზე დაბრუნებას მოინდომებდა.
როგორ მოხდა აფეთქება
რგოლგამოცლილი და ასაფეთქებლად გამზადებული Ф-1 ტიპის ხელყუმბარა სასაფლაოს სწორედ ამ ადგილას იყო ჩადებული და ზემოდან ფილა ეფარა, რომლის სიმძიმე ხელყუმბარის სახელურს ბოლომდე გაშლის საშუალებას არ აძლევდა.
როგორც კი იური ვაზაგაშვილმა ფილა ასწია, 3-4 წამის შემდეგ ამფეთქის ინიცირება მოხდა, რომელმაც ხელყუმბარაში განთავსებული 60 გრამი ტროტილი ააფეთქა და ხელყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებმა იქვე მდგარ იური ვაზაგაშვილს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა...“ - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი
ჩვენი დოსიე
საბჭოთა წარმოების თავდაცვითი დანიშნულების Ф-1 ტიპის ხელყუმბარა 600 გრამამდე იწონის. ხელით მისი გადაგდება 25-40 მეტრზე შეიძლება, მაგრამ აუცილებლად სანგრიდან ან სხვა საფრიდან, რადგან იგი აფეთქებისას სხვადასხვა ზომისა და მასის (ძირითადად, 1-2 გრამის) 300-მდე ნამსხვრევს 700-720 მ/წმ საწყისი სიჩქარით (მაგალითად, "კალაშნიკოვის" 7,62 მმ კალიბრის ტყვიის საწყისი სიჩქარე 730მ/წმ-ია) გატყორცნის, რომლებიც ადამიანს 70-100 მ-ის რადიუსში აზიანებს.
თუმცა, უსაფრთხო ზონად 200 მ-იანი რადიუსი ითვლება, რადგან ზოგიერთმა ნამსხვრევმა დამაზიანებელი ძალა შეიძლება 100-150 მეტრზეც შეინარჩუნოს.