
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა და შემთხვევას დეტალურად იხსენებს.
თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ავარია უმნიშვნელო იყო, ხოლო დაზარალებულებიც, პატრულიც და ტაქსის მძღოლიც „კარგი ხალხი აღმოჩნდა“:
„ვმოძრაობდი თამარაშვილზე, ყაზბეგის ქუჩის მიმართულებით, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთასთან ავტეხე სიგარეტის ძებნა ჩანთაში, თან გეგმებს ვაწყობდი, გვიან შევამჩნიე, რომ წინ მანქანა იდგა, მუხრუჭს მოვერიდე თოვლის გამო, მაგრამ საჭის აღება ვერ მოვასწარი და ბორბალზე დავარტყი პატიოსნად გაჩერებულ RAV 4-ს.
მაინც სასიამოვნო დღე აღმოჩნდა - RAV 4-ის მძღოლი და მგზავრი კარგი ხალხია. უფულობის დედა ვატირე, თორემ თქვენ არ შეგაწუხებდითო, გგულშემატკივრობთო.
პატრულიც კარგი ხალხი იყო, გავერთეთ - დავწერე ახსნა განმარტება, წარმატებით ჩავაბარე ალკოჰოლის ტესტი - 0.000 დამწერა, პატრული მეუბნებოდა, 0.300 გეპატიებაო. მე ვუხსნიდი, რომ დილით შამპანურს ან არისტოკრატები სვამენ ან დეგენერატები, მე არც ერთი ვარ, არც მეორე მეთქი.
ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, რომ ტაქი გავაჩერე სამსახურში მისასვლელად - უნდა შემევლო აეროპორტში წასვლამდე. ტაქსის მძღოლმა, წესით მე თქვენ ფულს არ უნდა გართმევდეთო. რატომ მეთქი, იმიტომ რომ გულს მფხანთო. აი ძალიან მაგრად მომწონხართო, მეც და ჩემს შვილსაცო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და ამავე სტატუსში მადლობას უხდის იმ სადაზღვევო კომპანიას, სადაც მისი ავტომანქანაა დაზღვეული.