
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კონკურსის გამარჯვებული თემო არაბიძე თავის ნაღვლიან წარსულ იხსენებს.
„ის რომ არ "გადამეხარშა", ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა - წარმატებას ვერ მივაღწევდი.
მე თერჯოლიდან ვარ. როცა 19 წლის ვიყავი, თერჯოლაში რამდენიმე ბიჭი ჩავსხედით მანქანაში და დაგვავიწყდა რომ სიჩქარისთვის არ უნდა გადაგვეჭარბებინა, 170-180 კილომეტრით მივფრინავდით და ამ დროს 30 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვით მდინარეში.
ყველა გადარჩა. მარტო მე ვიყავი 15 დღე კომაში, სრულიად გათიშული. ამის შემდეგ ორჯერ გავიკეთე ოპერაცია. მერე კი ეტლზე გადმომსვეს...
მახსოვს, რომ 15 დღე ბნელ გვირაბში მივფრინავდი. მერე, გვირაბში მარტო რაღაც პრიალა კუბები ჩანდა.… იმ კუბებს შორის ვფრინავდი.
თითქოს რაღაც ძალა მაიძულებდა ჩემი ჯვარი მომეხსნა და იქ დამეტოვებინა. მარტო ჯვარი მახსოვდა,- წმინდა ნინოს ჯვარი ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე ვიყიდე.
ვიცოდი ისიც, რომ თუ მივაღწევდი ბოლომდე, მერე გვირაბი დაიკეტებოდა, მაგრამ არ ვიცოდი მერე რა მომივიდოდა. მე ჯვარის დატოვება არ მინდოდა, ამიტომ მივფრინავდი და მივფრინავდი. ამ დროს 2 ხმა მესმოდა.
ამ ხმების აღწერა არ შეიძლება. ეს არაადამიანური ხმები იყო. მაგრამ ერთი იყო ბოროტი და ხელს მიშლიდა, მეორე – კეთილი, რომელიც მასწავლიდა გვირაბიდან გზა როგორ გამომეგნო. ასე მოვასწარი გვირაბის პირთან მისვლა, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩაიკეტა.
ჯვარი გამოვიტანე და ხასხასა მდელოზე მოვხვდი. მერე მოვედი გონზე. მერე იყო ოპერაციები... ფეხზე რომ ვეღარ დავდექი, დედა ძალიან ავად გახდა - სიმსივნით დაავადდა, ჩემი ბრალი იყო. არ უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც მოვიქეცი და ეს არ მოხდებოდა.
დედა სიცოცხლის ბოლო დღეებში სულ ამბობდა, მე როცა მოვკვდები, შენ მაშინ მიაღწევ წარმატებებსო…
დედებს ყოველთვის უგრძნობთ გული. ერთ დღეს, 2011 წლის ზაფხულში, თერჯოლაში სახლში ვიყავით, მე მამა, ჩემი და და ვიყავით ძალიან უბედურები…
ამ დროს სანდრა რულოვსის დაცვამ დარეკა,- თქვენთან მოვდივართო, გაოცებისგან რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. თავად ქალბატონი სანდრა ნახევარ საათში მოვიდა,- მითხრა დედაშენმა წერილი მომწერა,- ჩემთვის არაფერი მინდა, ჩემს შვილს მიხედეო... დედა, მოკვდა-მეთქი, რომ ვუთხარი, მითხრა,- მე მოგხედავ და თბილისში ბინას გიქირავებო.
ჩემი და სტუდენტი იყო. როცა დედა მოგვიკვდა, ჩემი გულისთვის დაანება სწავლას თავი და მე მივლიდა, თანაც ოჯახს ბინის დაქირავების საშუალება არც გვქონდა. ბინის ქირას დღემდე ისევ სანდრა გვიხდიდა, ასე გააგრძელა ჩემმა დამ სწავლა და ახლა უკვე უნივერსიტეტს ამთავრებს.
დედა სულ მეუბნებოდა, შენ რომ სავარძელზე ხარ, ამით არაფერი იცვლება, იბრძოლეო. ავარიის შემდეგ რამდენიმე თვე ვიწექი საწოლზე და ამ დროს "ნიჭიერიც" დაიწყო. მაშინ გავიფიქრე, როგორც ვარ, ისე უნდა ვიცეკვო-მეთქი!
ქეთი ზაზანაშვილი უსაყვარლესი გოგოა, ჩემთვის, ქეთიც უფლის წყალობა, ასეთი კარგი რომ არ იყოს, ალბათ გამარჯვებაც არ იქნებოდა.
მიხეილ სააკაშვილს როცა პრეზიდენტობის ვადა გასდიოდა, დავურეკე, უნდა გნახოთ-მეთქი. მოდიო და მივედი. ფოტოც მაშინ გადავიღე. მე მიყვარს ეს ადამიანი.
28 000 ევრო უნდა როგორმე მოვაგროვო, ამდენი სჭირდება ისრაელში სარიაბილიტაციო კურსის გავლას, რის შემდეგაც ექიმები გადაწყვეტენ გამიკეთონ ოპერაცია, თუ – არა. თუ ოპერაცია გამიკეთეს, იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი თუ მოისურვებს, ყველაფერი იქნება,“ - ამბობს იმედებით აღსავსე თემო არაბიძე.