
დიღმის მასივში მცხოვრები ძმები ატარშიკოვები მეზობლებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
მათი ინფორმაციით, ძმები სასტიკად არიან ნაწამები.
თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ძალადობის ნიშნები ან სხვა რაიმე სახის ჭრილობა გვამების პირველადი დათვალიერებით ვერ აღმოაჩინეს.
შესაბამისმა სამსახურმა რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენა.
მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილების ბინიდან გასულ ღამეს ხმაური ესმოდათ.
მკვლელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია გარდაცვლილების ნათესავებსაც. თუმცა, მომხდარის დეტალები მათთვისაც უცნობია.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ბინიდან გამოსული გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა და ძმების გარდაცვალება შესაძლოა CO-თი მოწამვლამ გამოიწვია.
თუმცა გამოძიების ვერსიის ნაკლებად სჯეროდათ გარდაცვლილების მეზობლებს. ისინი მომხდარს ძმების საქმიანობას უკავშირებენ. ცნობილია, რომ ისინი ლიფტების მონტაჟსა და შეკეთებაზე მუშაობდნენ. კომპანიის ოფისი, რომელიც მათ სახლთან ახლოს მდებარეობს, გუშინ ღამე გატეხეს. მომხდარს ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს.
კონკრეტული მოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის შემდეგ, საბოლოოდ, საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დაკავებულია.
„საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი," - განაცხადეს შსს-ში.