
,,მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მიუხედავად იმისა, ტექსტს გავეცანი თუ არა. ეს არ იყო შეგნებული შეცდომა. ეს არ იყო წინასწარგანზრახული შეცდომა.
ეს იყო ტექნიკური შეცდომა და ხარვეზი, რომ რაღაც მიზეზების გამო საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი. მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ დავინახეთ ეს შეცდომა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას.
,,ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული ტექნიკური მიზეზების გამო. ამას არ გავურბირვართ. ამას საშუალება მისცა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს – ,,ნაციონალურ მოძრაობას", რომ მანიპულირება მოეხდინა განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, რაზეც ვწუხვარ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა დანახულია, გაანალიზებულია, გამოსწორებულია და მომავალში მსგავსი შეცდომა არ იქნება", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ტექსტი დაწერა მან, ვისაც ,ზოგაგდად, ასეთ დროს განცხადებების გავრცელება ევალება.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.