
მას შემდეგ, რაც მუხროვანის 2009 წლის ამბოხების შესახებ დღეს გავრცელებულ კადრებში გენერალი დავით ნაირაშვილი ამოიცნო, „გურიანიუსის“ კორესპონდენტი ირმა მესხია მას დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა, სადაც ის საქართველოს სამხედრო ატაშეს თანამდებობაზეა.
როგორც „გურიანიუსი“ წერს, ისინი ნაირაშვილს ესაუბრნენ და ჩაწერეს, მისი კომენტარი კი გაავრცელეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ გენერალმა ითხოვა, მისი სახელით კომენტარი არ გამოექვეყნებინათ.
შეკითხვაზე: „რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეოკადრებში?“ ნაირაშვილი პასუხობს:
„არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, ორი-სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი“.
ინტერვიუს სხვა ნაწილში გენერალი ნაირაშვილი ამბობს:
„მინდა ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის...“
შეგახსენებთ, დღეს ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა მუხროვანის ამბოხების ბოლო ეპიზოდის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ირაკლი კოდუა და შსს-ს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. კადრში ჩანს ვანო მერაბიშვილი, რომელიც მითითებებს იძლევა და ერთგან ამბობს: „ორი გვამი მჭირდება სასწრაფოდ..."
ვიდეომასალის ბოლოს ჩანან ზურაბ ადეიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მანქანაში ჩაჯდომამდე კითხულობს: „ვანო სად არის?“.