-
2014-12-17 18:00
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ამ დღეებში ურიგებენ სუვენირული ბანქოს ქაღალდის შეკვრებს, რომლებზეც „რუსეთის მტრების“ კარიკატურებია დატანილი.
„საპატიო“ სიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიცაა. მის გარდა, ბანქოს ქაღალდებზე შეხვდებით ბარაკ ობამას, ვიქტორია ნულანდის, ანგელა მერკელის, არსენ იაცენუკის, პეტრო პოროშენკოს, ალექსანდრე ტურჩინოვსა და სხვათა შარჟებს.
რუსულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ბანქოს ქაღალდების დიზაინი ეკუთვნის რუს ბლოგერს ქრისტინა პოპუტჩიკს. „მთელი ადმინისტრაცია წალეკილია ბანქოს ამ ქაღალდებით, მგონი, ათასობითაა დაბეჭდილი. ადმინისტრაციის ყველა სტუმარს ურიგებენ ამ ქაღალდებს, საახალწლო საჩუქრის პაკეტშია შეტანილი.
რა თქმა უნდა, უცხოელებს ერიდებიან, თუკი ზუსტად არ იციან, რომ ის კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერია“, - უთხრა „ზნაკ.ქომს“ ადმინისტრაციის ერთერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: „შეკვრაში სულ 36 ბანქოს ქაღალდია“ - განაცხადა მანვე.






