
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელების ჩამოშვების დრო არ არის.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ „არჩევნების შედეგები წარმოადგენს უკანდახევას საქართველოსთვის“, „ყველა სიბნელე დროებითია“:
„საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მე მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის განვითარებას და საბოლოო ჯამში დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება სახელმწიფო სისტემა.
მინდა ვუთხრა ყველას, ვინც უკმაყოფილოა - ჩვენ ყველამ უნდა პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ან ვეწინააღმდეგებოდეთ, ასეთია დემოკრატიის წესები - ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას. ამავე დროს, მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული.
უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც. ამ არჩევნებზე იყო უფრო დაბალი გამოცხადება, ვიდრე მრავალ წინა არჩევნებზე. ამან აჩვენა, რომ ჩვენს ხალხთან საჭიროა მუდმივი მსჯელობის წარმოება. ყველა ამომრჩევლის უფლებები დასაცავია და მათი აზრი საპატივცემულო.
არ დაგიმალავთ, მე მიმაჩნია, რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში და დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენებით და შედეგებით ეს სერიოზულ უკანდახევას წარმოადგენს საქართველოსთვის და მისი წინსვლისთვის.
ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა საქართველო შეუქცევადად მიდის ევროპისკენ , ამომრჩეველი მყარად უჭერს მხარს ამ კურსს, როცა გაიზარდა ახალი თაობა, გამოჩნდა დიდი მუხტი, რომელმაც ფეხი აუწყო ახალ რეალიებს, საბოლოო ჯამში საქართველოში წყვდიადისა და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ.
ყველა სიბნელე დროებითია და ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, ვისაც შედეგები არ მოსწონს, მე მესმის მათი, მაგრამ ნუ ჩამოუშვებთ ხელებს ყველა უკანდახევა არის დროებითი.
იმ ტრადიციებით, რომელიც ჩვენ შევქმენით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, გადავლახავთ ყველა სიძნელეებს, ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.