-
2014-01-29 22:50
რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა, რომელიც გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარეობდა, ხანძარმა მიწასთან გაასწორა. დამწვარია, ძირითადად, სამხედრო პირების საცხოვრებელი ყაზარმები და სათავსოები.
ხანძრის ლოკალიზებას რუსი ოკუპანტები ბაზაზე არსებული ცეცხლმაქრი საშუალებებით ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს, გალიდან სახანძრო ბრიგადები კი იმ დროს მოვიდნენ, როცა ჩასაქრობი უკვე აღარაფერი იყო.
ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. აღსანიშნავია, რომ ხანძრის გაჩენა გალის რაიონში შეიარაღებული კაზაკების შეყვანას ემთხვევა. ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს თავად ოკუპანტებმა, რათა მოახლოებულ ოლიმპიადამდე ენგურის ხიდის ჩაკეტვისა და მკაცრი ზომების გატარებისთვის წინაპირობის შექმნის საფუძველი ჰქონოდათ.
რუსი ოკუპანტების სამხედრო, კეთილმოწყობილი ბაზის მშენებლობა ჭუბურხინჯში, ტრადიციული ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის ადგილას, სადაც ადრე რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზა იყო განთავსებული, 2009 წელს დაიწყო. ბაზა ენგურის ხიდთან ახლოს მდებარეობდა.