-
2014-01-29 04:05
შსს–ს თანამშრომლები სვანეთში უცხოელ ტურისტებს გზაში აჩერებენ, მასპინძელთა ვინაობას ეკითხებიან და ტურისტების პირად მონაცემებს აღრიცხავენ. „აფხაზეთის ხმამ“ ჯერ ვერ გაარკვია, ეს შსს–ს ღონისძიებაა, თუ ადგილობრივი პოლიციის საკუთარი ინიციატივა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია უცხოელ ტურისტებს სვანეთში, როგორც შევარდნაძის მმართველობის დროს, ახლაც გზაში აჩერებს და გამოკითხვას უწყობს, „აფხაზეთის ხმამ“ სხვადასხვა წყაროებიდან მიიღო.
სოფელ ლატალში მცხოვრები შოთა მ.–იანის ცნობით, სოფლის რწმუნებულს მესტიის პოლიციის ზეპირი განკარგულებით ყველა იმ მოსახლის სიის შედგენა დაევალა, სადაც, ამა თუ იმ დროის განმავლობაში, უცხოელი ტურისტები არიან შესახლებული.
სიაში მითითებული უნდა იყოს ტურისტების მშობლიური ქვეყანა, სვანეთში მათი სავარაუდო ყოფნის დრო, ვინაობა და, რაც მთავარია, მარშრუტი, რითაც ისინი გადაადგილებას აპირებენ სვანეთის დატოვების შემდეგ.
შოთა მ.–იანმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, რომ ლატალის რწმუნებულმა, როცა ის დაინტერესდა, რით იყო გამოწვეული ამგვარი ზომების გატარება, მესტიის პოლიციისგან პასუხად მიიღო, რომ ეს არის „ბრძანება ზემოდან“ და უკავშირდება „სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებს“.
წყაროს ცნობით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციელებმა სვანეთის ერთი რაიონული ცენტრიდან მეორეში მიმავალი ტურისტები გააჩერეს და ისინი გამოჰკითხეს: სად, ვისთან და რამდენი ხნით მიდიოდნენ სტუმრად.
შოთა მ.–იანის თქმით, პოლიციის მხრიდან მსგავსი მოქმედებების გამო უცხოელი ტურისტები გაკვირვებას ვერ მალავენ:
„ერთმა დანიელმა ტურისტმა, რომელიც უკვე 15 წელია, ზამთარს სვანეთში ატარებს, გაკვირვებულმა მითხრა, მსგავსი რამ იმ „ჭაღარა მოხუცის დროსაც კი“ არ მახსოვსო. ალბათ, შევარდნაძეს გულისხმობდა...“.