-
2014-12-09 16:37
ბაბუშარის აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის სხვა წევრები.
ბაბუშარის ტრაგედიის დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
ბაბუშარის აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშარის სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.
იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი.
2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.