-
2014-01-28 00:57
წებელდის (აფხაზური ტოპონიმიკით - ცაბალი) პოლიგონზე დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების საველე სწავლებები.
ამის შესახებ „ნოვოსტი აბხაზიი“ იტყობინება და წერს, რომ სწავლებაში 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათი 2/3 კი 2013 წლის შემოდგომის სეზონის ახალწვეულია. სწავლებებისთვის მობილიზებულია 500 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა.
სწორედ წებელდის პოლიგონზე გამოცდიან რუსული შეიარაღებისთვის ახალ БТР-82А–ს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში სულ ცოტა ხნის წინ შეიტანეს.
სწავლების მონაწილეებისთვის დაგეგმილია საცეცხლე მომზადება მთიანი და ტყის რელიეფის პირობებისთვის, მეთაურები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟის მიერ სასწავლო სწავლებებს მანქანის საცეცხლე იარაღებიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან.
მოტომსროლელთა საველე სწავლებების არანაკლებ ნახევარი დღე–ღამის ბნელ მონაკვეთშია დაგეგმილი.