ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ,- ამის შესახებ დღეს გამართულ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.
კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, არის ან სიბრიყვე, ან მიზანმიმართული მავნებლობა.
ბოლო 24 საათის მანძილზე, ესპანეთში კორონავირუსით 301 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1308 შეადგინა. საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსით ესპანეთში 23822 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინციფირებულთა რაოდენობამ 210 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გარდაცვლილთა და ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, საიდანაც დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა.
დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული „უკიდურესად მძიმე“ პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია.
თელავში, მდინარე ალაზანში 80 წლამდე კაცს ეძებენ. მეორე დღეა მაშველები სოფელ გულგულაში მცხოვრებ ალექსი პეტრიაშვილს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაცით, გუშინ დილით ხანდაზმულმა მამაკაცმა საქონელი სამწყემსად მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.