-
2014-01-26 19:12
უკრაინაზე, უკრაინელი ხალხისადმი სხვადასხვა სახით სოლიდარობის გამოცხადებაზე საქართველოში ბევრი ფიქრობს. ბევრი არც ფიქრობს და ბევრს არც აინტერესებს. იქ კი, კიევში, ნამდვილ ტყვიებს ნამდვილი სნაიპერი ისროდა. სამწუხაროდ, როგორც წესი, სნაიპერები კარგად ისვრიან...
სნაიპერის მიერ მიზანში ამოღებული და მოკლული სამიდან ერთი ევრომაიდნელი უკანასკნელ გზაზე დღეს 80 ათასმა ადამიანმა გააცილა.
ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებითაა დაინტერესებული, ვიდეოებსაც ნახულობს და ნახავდა, რომ ამ პროცესის დროს ევრომაიდანზე შეკრებითაგან გულგრილი არავინ დარჩენილა და ბევრს ცრემლიც სდიოდა.
ბევრი კი უცრემლოდ, მუშტებშეკრული იდგა. თვალებანთებული. თითქოს იქ იყვნენ და არც იყვნენ. სწორედ მათ დანახვაზე გამახსენდა კანუდოსი და კანუდოსელები. მერე გონებაში ის ფრაგმენტი ამოტივტივდა, ზე მორიერა რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში შემოაგელვებს ცხენს და იღუპება.
ჰო და, „სამოსელი პირველის“ ეს ნაწილი ცოტა შეცვალე, უკრაინას და ევრომაიდანს მოვარგე და ასე გამოვიდა:
რწმენასაც აქვს თავისი ქსელი, მხოლოდ ობობასა და ბადეს კი არა, და რწმენის უხილავი ქსელით გადაიბნენ ევრომაიდნელები, თვალნათლივ მიხვდნენ, რომ სიკვდილიც შეიძლება ასე, ამაყად ლამაზი იყოს...
ეს ლაღი მეომარი, ტყვიით დაცხრილული, ბოლოს ჰაერში მოკვდა, რა უცნაურად, ღიმილით პირზე - თავისუფალი!
და მოხიბლული შევცქერით იმასაც, თუ სხვები როგორ დგანან და იმასაც, თუ თავად ევრომაიდნელები როგორ მოკვდნენ, რადგან ეს ბელორუსი ჭაბუკი ერთ-ერთია იმ რჩეულთთაგან, ვინც დიდი ევრომაიდნელი გახდა.
ის თავისუფალი, თავისუფლებისთვის მოკვდა.
"თავისუფლება კი, სულის ყვავილი – სულზე ტკბილია".
"Слава Україні, героям слава!"
არ ვიცი, ზოგისთვის, იქნებ, ნიშანდობლივი პარალელია, ზოგისთვის – არა. როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა, არაფერი გულწრფელი კაცს არ გაემტყუნება.
მე კი ახლა, ამ წუთას, იმაზე უფრო ვფიქრობ, დამჭირდება თუ არა პარალელის გავლება „სამოსელი პირველის“ იმ თავში აღწერილ მოვლენებთან, რომელსაც „კანუდოსელები მაინც კარგად იბრძოდნენ“ ჰქვია.
არადა, ერთხელ მაინც, რეალურად, ოდესღაც – ხომ უნდა დამარცხდეს ეს საშინელი კამორა?!
ლაშა ბერულავა

