
პატიმრების მიმართ, ხელბორკილის გარდა, დასაშვები იქნება სხვა ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებაც. ამ დრომდე არსებული კანონით, ბრალდებულისა ან მსჯავრდებულის მიმართ მხოლოდ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება იყო შესაძლებელი.
პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, დასაშვები ხდება შემდეგი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება: რეზინის ხელკეტი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, როგორც ცრემლსადენი გაზი, ასევე წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია. მაგალითად, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან გამოხატავს აგრესიას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას.
აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით მოხდება. პროექტში ასევე გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნი საშუალებების და სასამსახურო ძაღლის გამოყენება უნდა მოხდეს.
რეზინის ხელკეტი და წიწაკის გაზი პატიმრის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან სხვა მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით გამოიყენება.
კანონპროექტის მიხედვით, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ გარშემომყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად გამოიყენება.