
ხარკოვში ევრომაიდნის მიტინგის მონაწილეებს დღეს ბეისბოლის ბითებით შეიარაღებული „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს, თუმცა, დამხდურებმა ისინი მოიგერიეს და გააქციეს.
ხელჩართული ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ევრომაიდნელებმა „ტიტუშკები“ გააქციეს, ხოლო რამდენიმეს ბეისბოლის ბითები წაართვეს კიდეც. „ტიტუშკები“ სცენაზე ასვლას ცდილობდნენ.
გაქცევის მცდელობის დროს რამდენიმე თავდამსხმელი მილიციამ დააკავა, ხოლო ევრომაიდნელებმა მიტინგი გააგრძელეს. ამჟამად მიტინგს თავად მომიტინგეთა რაზმები იცავენ, ხოლო ირგვლივ მილიციაა გათავსებული.
ტერმინის განმარტება – უკრაინაში „ტიტუშკების“ მეტსახელით მოიხსენიებენ სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი მიტინგებისა და დემონსტრაციების დასაშლელად იყენებს. ტერმინინ თანამედროვე უკრაინული ენისა და სლენგის ონლაინლექსიკონშიცაა შეტანილი და ის რეალურად არსებულ პიროვნებას ვადიმ ტიტუშკოს უკავშირდება.– "აფხაზეთის ხმა".