-
2014-01-25 14:53
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შსს სამინისტროს კრიმინალური შემთხვევების მონაცემების შეგნებულად გაყალბებაში ადანაშაულებს.
პერიოდულად გამოქვეყნებულ მონაცემებში შემცირებულია დანაშაულის რაოდენობა, რასაც ადასტურებს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც აღძრული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნულ სტატისტიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, თბილისში 2013 წელს ყაჩაღობის 184 ფაქტი მოხდა. პარალელურად, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს მონაცემებს, რის საფუძველზეც, 2013 წელს, მთელს საქართველოში სამართლებრივი დევნა, ყაჩაღობის 261 ფაქტზე მოხდა.
ამის მიხედვით, თბილისში 184 ყაჩაღობიდან 67 ფაქტი გაიხსნა და შესაბამისად, სამართლებრივი დევნაც ამ 67 ფაქტზე განხორციელდა. გამოდის, რომ დანარჩენ საქართველოში ან საერთოდ არ ხდება დანაშაული ან დანაშაულის გახსნის შსს-ს სტანდარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, თბილისის გარეთ, 2013 წელს 160-170 ყაჩაღობა დაფიქსირდა. საიდანაც, მხოლოდ 77 ფაქტზე დაწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად, მათი გახსნა.
წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის 50 % სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა. ამ სტატისტიკის მიხედვით კი, საქართველოს რაიონებში, თერთმეტ თვის განმავლობაში, ყაჩაღობის 3, 4 ან 5 ფაქტი მოხდა", – განაცხადა დავით საყვარელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
”ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ნუ ახდენენ მონაცემთა ფალსიფიკაციას, რადგან მოსახლეობისთვის ისედაც ცხადია, რომ დანაშაულის სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მომატებულია.