-
2014-09-19 15:30
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში „ყოველთა დედოფლის“ ანუ „პანტანასას“ სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.
საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს.
ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.
„პანტანასას“ ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა.
ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლს.
მამა გიორგის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: - ჩვენი ტაძრის მრევლის - ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ათონზე ხატის ასლის შექმნას შეუდგნენ.
ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს. „როცა გავიგეთ შესაწირი თანხის ოდენობა, ძალიან შევწუხდით; მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა კვიპროსელი მდიდარი ადამიანი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
„ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. ერთ-ერთი ბერის გადმოცემით, ტაძარში სალოცავად შესული ახალგაზრდა კაცი ხატს რომ მიუახლოვდა, ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია.
გონს მოსულს ცრემლებით მოუნანიებია ბერების წინაშე დანაშაული, ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო,“ - აცხადებს მამა გიორგი.
http://primetimenews.ge/