
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა. ძლიერი ქარის გამო ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა აჭარის სანაპიროზე, საგანგებო მდგომარეობაა კახეთში, ზვავსაშიშროება გზებზე, ხოლო კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ძლიერი ქარის გამო, დღეს 07:00 საათზე "თელასის" კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები დაზიანდა. დაზიანებულია ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას ქვესადგურებს "დიღომი-1" და "დიღომი-2" აწვდიან.
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს შეუწყდა. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი, მათ შორის მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, კერძოდ, დიღომში მდებარე საავადმყოფოები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია და ამერიკის საელჩო. მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდი 19 მარტს შეიცვლება.