-
2014-09-15 09:27
შესაძლოა, ამ დღეებში კიევში პრესკონფერენცია გამართოს "დონბასის" ყოფილმა მებრძოლმა, საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები "დობერმანის" მეტსახელით იცნობენ.
როგორც თავად დობერმანის პირადი საუბრიდან ირკვევა, ის კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რის გამოც "დონბასის" მეთაურმა სემიონ სემიონჩენკომ ის ბატალიონიდან მოიშორა.
ამის შესახებ "დობერმანი" "დონბასის" კიდევ ერთ ქართველ მებრძოლთან დავით მარტიაშვილთან პირად საუბარში ამბობს, რომელიც თავად გამოაქვეყნა ვიდეოს ფორმატში, შემდეგ კი წაშალა. "აფხაზეთის ხმა" ამ ვიდეოს გთავაზობთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით მარტიაშვილი, რომელთან საუბარშიც "დობერმანი" კიდევ ბევრ დეტალზე საუბრობს (ისევე, როგორც თავად მარტიაშვილი), რამდენიმე დღით ადრე "დობერმანს" ერთერთი ბლოკპოსტის დაცხრილვაში ადანაშაულებდა, მას "ცრუ მეომარს" უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ "არანაირი მებრძოლი ის არ არის".
როგორც ჩანაწერიდან ჩანს, "დობერმანი" სწორედ ამ ბრალდებების გასარკვევად შეხვდა მარტიაშვილს და მასთან საუბარი ჩაიწერა. საუბარი საკმაოდ სკანდალურ დეტალებს შეიცავს. მარტიაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოხალისეთა ბატალიონები გამოიყენა და ჩააცხრილინა, ხოლო "დონბასის" მეთაურმა მედალი მიიღო: "შენ რა გგონია, პოროშენკოსთან შეუთანხმებლად ჩაცხრილეს ბიჭები?"-ეკითხება ის "დობერმანს" და არც იმას გამორიცხავს, რომ ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც ცოცხალი გადარჩნენ, შესაძლოა, დააკავონ.
დავით მარტიაშვილი საქართველოში „ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის" თავმჯდომარე იყო. 2013 წელს ის ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და სექტემბერში მას უნდობლობა გამოუცხადა. როგორც თავად წერდა, მან თავშესაფარი რუსეთის ფედერაციაში მოითხოვა, თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს "დონბასის" შემადგენლობაშია და რუსი ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩემი ცხოვრების ბოლო 5 წლის მანძილზე, მეორედ მომიწია წასვლა პოლიტიკურ დევნილობაში. ორი კვირაა მოთხოვნილი მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი პრინციპული მოსაზრებების გამო, რუსეთის ფედერაციაზე და მაგრად არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის და ვინ რა იარლიყს მომაკერებს, ყველამ მიხედეთ თქვენ საჯდომებს.", - წერდა ის 2013 წელს.
რაც შეეხება "დობერმანს", ის საქართველოს მოქალაქეა და წლებია, უკრაინაში ცხოვრობს. ის პირველი იყო "დონბასის" მებრძოლებიდან, რომელმაც ნიღაბი მოიხსნა. აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა ცნობილმა განცხადებამ "ჩეჩნების გაპარსვის" შესახებ, თუმცა, მოგვიანებით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩეჩენ ხალხს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ "გასაპარსებში" მხოლოდ კადიროვის ბოევიკებს გულისხმობდა, რომლებიც უკრაინაში ტერორიზმით არიან დაკავებული.
ქვემოთმოყვანილ ჩანაწერში "დობერმანი" "დობნასის" ხელმძღვანელობას მის მიერ გავრცელებული კადრებით "დიდი ფულის მოხსნაში" ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის ნაწილი, სადაც ის "კადიროველებს" ახსენებდა, მისი ვიდეომიმართვიდან ამოჭრეს და ჩეჩნებისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი დატოვეს: "როცა ვკითხე, ეს რატომ გააკეთა, სემიონმა მითხრა, რომ ეს პოლიტიკაა", - აცხადებს "დობერმანი" მარტიაშვილთან საუბარში.