-
2014-09-11 12:23
ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ყველაზე დიდ შეცდომად გაუმართლებლად დიდი პრემიების გაცემას მიიჩნევს.
ამის შესახებ მან "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"წინათ, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის აღვნიშნავდი მთავრობაში არსებულ გადაცდომებს, ვაკეთებდი რეაქციას. აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება უკვე კარგად ერკვევა, სრულფასოვანი კონტროლი მიდის, თუმცა კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო. ყველაზე დიდ გადაცდომად ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას. ის, რაც მოხდა, ჩემთვის სტრესული იყო და ძალიან არ მომეწონა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში თუ ყველაზე დიდი შეცდომა ერთ-ერთი სამინისტროს მიერ გამოწერილი პრემიაა (ეს სასჯელაღსრულებაში მოხდა, მანქანებზეც იყო საუბარი), ასეთი მთავრობა შეიძლება, წარმატებულად დააფიქსირო და ძველ ევროპულ ქვეყნებთანაც გაავლო პარალელი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის ცალკეულ წევრთა ეფექტურობის საკითხს, ივანიშვილის აზრით, ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრია.
"ვთვლი, რომ შერჩევა ოპტიმალურია, შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 10-15%-ით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ოპოზიციონერების შეფასებებს არ ვეთანხმები. ზოგადად, ვთვლი, რომ მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერ-მინისტრი",- განაცხადა ექს-პრემიერმა.