
ყადორის ციხეზე რუსული დროშა აღარ ფრიალებს, დროშა ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სავარაუდოდ, ქართველმა მესაზღვრეებმა ჩამოხსნეს.
კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის დროშა ციხეზე არც ყოფილა აღმართული -ამის შესახებ ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ სოფელ საბუეში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი გოდერძი ჭიტაშვილი თავად ავიდა ყადორის ციხეზე და გამგებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსული დროშა ციხეზე არ ფრიალებდა.
თუმცა როგორც ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ სტატიაში წერს, ყადორის ციხეზე ასვლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება და ჭიტაშვილი საღამო საათებში ამას ვეღარ შეძლებდა.
გამოცემის ჟურნალისტს, რომელიც ავიდა ყადორის ციხის ახლოს განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან ერთ-ერთმა მესაზღვრემ, კონფიდენციალობის დაცვის თხოვნით, მიაწოდა ინფორმაცია, რომ დროშა ყადორის ციხეზე ნამდვილად იყო აღმართული, თუმცა გუშინ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოგა ხაჩიძის გავრცელებული ფოტოების შემდეგ ჩამოხსნეს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყადორის ციხეზე ასვლა შეუძლიათ, როგორც ქართველ მესაზღვრეებს ასევე რუს მესაზღვრეებსაც. ქართველი მესაზღვრის ინფორმაციით კი, ციხეზე რუსული დროშის აღმართვის ფაქტი პირველი არ არის.
გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ყადორის ციხეზე რუსეთის ფედერაციის დროშა ფრიალებდა. დღეს ყადორის ციხის გალავანზე რუსული დროშა აღარ ფრიალებს.