„ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რუსი ოლიგარქი კი არის რუსი ოლიგარქი. გადახედეთ, რა ხდება, ლამის მთელ რუსეთს სჯერა, რომ „ბოინგი“ უკრაინელებმა და ამერიკელებმა ჩამოაგდეს, თავის დროზე საქართველოშიც დაიჯერეს, რომ ჩვენ მილიონები გავფლანგეთ და ბავშვებს ვჭამდით“, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„კურიერში“ ჩართვისას სააკაშვილის განცხადებით, მასთან საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსთავი-2“-ს წაიღებს:
„დიახ, მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, პირდაპირ თვალებში ყურების დროს, მათ შორის, 2012 წელსაც, რომ „რუსთავი-2“-ს წაიღებს. ამას ის არ მალავდა, ხმამაღლაც ამობდა. ფაქტია, რომ რუსი ოლიგარქის მთავარი მიზანი ოპოზიციის სრული განადგურება და თავისუფალი მედიის ხელში ჩაგდებაა, სხვანაირად პატარა ქვეყანაში შეუძლებელია პუტინის ქვეყნის მსგავსი ჯოჯოხეთის მოწყობა.
ფაქტია, რომ საქართველოდან ჩემი წასვლის შემდეგ „რუსთავი-2“ რჩება რუსი ოლიგარქის მთავარ სამიზნედ. მე ვერ დავემსგავსები სხვებს და ვერ ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეროსის სიცოცხლეში „რუსთავი-2“-ის ხელში ჩაგდება გაჭირდებოდა.
ოჯახის ადგილზე მე მოვკრებდი გამოძიების ყველა მასალას და გავაგზავნიდი ფედერალურ ბიუროში, რადგან არ მგონია, საქართველოში ამ საქმის ობიექტურად გამოძიება იყოს შესაძლებელი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ამ დროისთვის პატიმრობაში მყოფ, მისი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება:
„მაგალითად, ბაჩო ახალაია შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერცერთ საქმეზე ვერაფერი დაუმტკიცეს, ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს არსად, რომ ამდენი ხანი ციხეში ჰყავდეთ კაცი და ვერ უმტკიცებდნენ ბრალდებებს. ასევე ვანო მერაბიშვილი, რომელზეც ამბობენ, რომ ბიუჯეტის ფული გაფლანგა, თბილისის ყოფილი მერი... სად წავიდა ეს მილიონები, რომლებიც თითქოს ჩვენ გავფლანგეთ, ძალიან მაინტერესებს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.