სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე გუშინ დაიკითხა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს მნისვნელოვნად ვერ დაეხმარება.
„ერთის მხრივ საბედნიეროდ, რადგან ბუნებრივია, მე არანაირად არ ვიყავი ამ პროცესებთან მიახლოებულიც კი, მაგრამ ამჯერად სამწუხაროდ იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია არ იქნება იმისთვის, რომ ყველა დეტალი გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მას დაჰპირდა, რომ საქმე აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული.
„საზოგადოებამ კარგად იცის, მე არასოდეს ამით თავი არ მომქონდა და ეს არ არის თემა, სადაც ადამიანმა შეიძლება თავი მოიწონოს, ან ქულები ჩაიწეროს, მაგრამ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ამ ფაქტთან დაკავშირებით მქონდა უმძიმესი რეაქცია. მით უმეტეს, ქალი ვარ და შვილების დედა. პირველივე დღეებიდან ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს ფაქტი სიღრმისეულად გამოძიებული ყოფილიყო და დაუსჯელი არ დარჩენილიყო არც ერთი ადამიანი, ვისაც ამასთან კავშირი ჰქონდა. სააკაშვილთან მქონდა საუბარი, რომელიც შემპირრდა, რომ ეს აუცილებლად გამოძიებული იქნებოდა და მკვლელები დაისჯებოდნენ.
„სამწუხაროდ, მაშინ ჩემი ძალა არ ეყო ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. პრობლემა იყო ის, რომ გამოძიება ჩატარდა არა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფორმალურად ჩატარდა, ფორმალურად დაისაჯნენ ადამიანები და ყველა ჩემს მოთხოვნაზე იყო პასუხი, რომ ხალხი დასჯილია და ჩვენ ვერ დავსჯით სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გჯერავთ ბოლომდე გამოძიებისო. მე სამწუხაროდ, უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებები არ მქონდა, რაც საქმის მიმდინარეობას შეცვლიდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.