
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტს უფლებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეუმცირდეს."- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
"ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად და უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მათთვის მისაღები. შექმნილ რეალობაში მათ გამოთქვეს არა თუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ინიციატივით აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ შევიდეს ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
"ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ამოქმედება ნაწილობრივ და არა სრულად იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში. კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა მხოლოდ ერთ საკითხს, ანუ ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი საკითხის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში, ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.